ავტორი:

ვის ინტერესშია არჩევნების გადადება: ხელისუფლების, ოპოზიციის თუ საზოგადოების - რა შედეგს მოუტანს ქვეყანას "პოლიტიკური პანდემია"?

ვის ინტერესშია არჩევნების გადადება: ხელისუფლების, ოპოზიციის თუ საზოგადოების - რა შედეგს მოუტანს ქვეყანას "პოლიტიკური პანდემია"?

ბოლო დღეებია პოლიტიკური პროცესის მთავარ თემად იქცა 2 ოქტომბერს ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხი, რის ინიციატივითაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოვიდა.

"არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი არ არის წმინდად პოლიტიკური, ეს უფრო მეტად, ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხია... თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ გაუგებარია, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში და რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე“, - განაცხადა ლომჯარიამ და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არსებულ რისკებზე შეფასებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხის წამოჭრა რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან არჩევნების წაგების ეშინიათ.

"არჩევნების გადადების იდეა ემსახურება არა ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქებას, არამედ დამარცხებისთვის განწირული ოპოზიციისთვის “მაშველი რგოლის” გადაგდებას“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლება კი ამტკიცებს, არჩვნების გადადება ოპოზიციას აწყობსო, მაგრამ აშკარაა, რომ ოპოზიციურ პატიებს ამ საკითხზე ერთნაირი პოზიცია სულაც არ აქვთ. მეტიც, ისე ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, ომბუდსმენის ინიციატივაზე საუბრისას, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების პოზიცია და მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ პოზიციის გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.

"დღის განმავლობაში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ "ლოქდაუნის“ დაწესებით ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ილაპარაკონ“, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს და აქამდეც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას და რეალურ ნაბიჯებ არ დგამდა. "ამიტომ ახლა მართლაც ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა საზოგადოებას უთხრან, თუ რა გველოდება ჩვენ. ამ წუთის მდგომარეობით არის სრული ვაკუუმი და პრაქტიკულად, სიბნელეში დგამენ ნაბიჯს “, - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების ბრალდებებს, რომ ამ საკითხის წამოჭრა რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან არჩევნების წაგების ეშინიათ, მელია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას“ რეალურად 40%-ის აღების შანსიც არ აქვს ამ არჩევნებზე.

მელიასგან განსხვავებით, კატეგორიული პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, საერთოდ, არც უნდა განიხილებოდეს 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება.

"გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება - ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში. მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის“, - დაწერა "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა.

"დღეს არჩევნების გადადებაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა. სიმართლე თუ გინდათ, დღეს თუ ვინმეა არჩევნების გადადებით დაინტერესებული ეს "ქართული ოცნებაა“, - ეს კი პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკის ფონზე, როცა პაციენტებს კლინიკები ვეღარ იტევს და მათი განთავსება სპორტულ დარბაზებში მოწყობილ საველე ჰოსპიტლებში გახდა საჭირო, ისმის კითხვა: არჩევნების გადადების თემაში უნდა ვეძებოთ პოლიტიკური ინტერესები თუ უპირველესად საზოგადოების ინტერესზე ვიზრუნოთ?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უაზროა, ვინაიდან ამაზე "ქართული ოცნება“ არ წავა და არც პოლიტიკურ სპექტრში ეგულება ძალა, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებდა.

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება მართლაც აუცილებელი იყოს მსჯელობა იმაზე, გადაიდოს თუ არა არჩევნები. ამისთვის საგანგებო ვითარება უნდა გამოცხადდეს, რასაც თავისი წესი აქვს. საგანგებო ვითარება ქვეყანაში, ფაქტობრივად, "ლოქდაუნს" ნიშნავს. დღეს ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი მიზნები აქვს. ხელისუფლებისთვის არჩევნების გადადება ნამდვილად არ არის მომგებიანი იმიტომ, რომ ოპოზიცია პარალიზებულია, მარტოოდენ იმპულსური განცხადებები თუ აქვს, რეგიონებში საერთოდ არ იგრძნობა, არჩევნები თუ ტარდება, მოსახლეობა საკმაოდ ინდიფერენტულია. ჯერჯერობით "ნაცმომ" შეძლო მაინც კანდიდატების დასახელება, ზოგიერთები კი დღემდე ვერ ასახელებენ.

მოკლედ, ასეთ ვითარებაში, როცა ელექტორალურად ნეიტრალურია საზოგადოება, "ქართულ ოცნებას“ მეტი გარანტია აქვს, რომ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით თავის ამომრჩეველს მიიყვანს არჩევნებზე. ოპოზიციას ხელს აძლევს არჩევნები გადაიდოს. გულწრფელად გითხრათ, დღეს ოპოზიციურ სპექტრში არ მეგულება პარტია, რომელიც არჩევნებს გადადებდა. სამწუხაროდ, ჩვენი უბედურება ისაა, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარტიულზე წინ, საზოგადოებრივ ინტერესს დააყენებდა. რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება და "ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს.

მეორე, დავუშვათ, გადაიდო, ჯერ ერთი, საარჩევნო კამპანია არ მიდის ისეთი მასშტაბებით, იქ დიდი დაინფიცირება მოხდეს, 10-15 კაცი თუ მიდის ნებისმიერი პარტიის შეხვედრებზე, სულ ესაა მობილურობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არჩევნების დღეა. იქამდე ჯერ დიდი დროა, აცრები მიმდინარეობს და არ მგონია დიდი რისკები, ხალხმრავლობა და ჭყლეტა იყოს ადგილობრივ არჩევნებზე. რაც მთავარია, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, რაღაც ახალი ისეთი თემა შემოიტანოს, მოსახლეობა რაღაცაში დაარწმუნოს. საზოგადოება ამას ხომ ისედაც ხედავს და აღიქვამს?

რა არჩევნებზეა ლაპარაკი, როცა დღემდე ხალხი პირბადის ხმარებას ვერ მიეჩვია და ამ ხალხს უთხრა, არჩევნების დღეს დიდი უბედურება მოხდებაო, უცებ არ დაიჯერონ...

ოპოზიცია თუ ცდილობს, ამ თემით საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს, ამას მიზერული შედეგი ექნება. ხელისუფლება ამას ისე გამოიყენებს, როგორც პაპუაშვილმა ილაპარაკა და ამ დროის განმავლობაში, ეს თემა იქნება მუდმივი. საზოგადოების განწყობას ამ მიმართულებით ოპოზიცია ვერ შეცვლის, ახალი ტალღა ამით არ წარმოიქმნება და პიარკამპანიას წააგებს. დღემდე ვერ ვხვდები, არაფრისგან რაღაცის შექმნას რატომ ცდილობს ოპოზიცია. თქვენ გეგულებათ ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი ძალა, რომელიც არჩევნებს გადადებდა?

ის, რომ ხალხი დაფრთხეს და არჩევნებზე არ მივიდეს, ესეც ხელისუფლებას აძლევს ხელს და რატომ გადადებს? მიუხედავად ამისა, იქნება კოვიდი, თუ - არა, ველოდები, რომ დაახლოებით მილიონნახევარი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, ვინაიდან არ არის ნდობა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიმართ. თანაც, ადგილობრივი არჩევნებია და არა საპარლამენტო, რომელზეც უფრო მეტი ამომრჩეველი მიდის.

ოპოზიცა ამ არჩევნების შემდეგ მაინც უნდა მოვიდეს აზრზე და თავისი მოქმედების სტრატეგია განსაზღვროს, იყოს მშვიდი და ხალხში სტაბილურობის განცდა შექმნას, არა - დაძაბულობა, ესაა დღეს მისი პრობლემა. ოპოზიცია პირიქით აკეთებს, სულ იმის მცდელობაშია, მუხტი აწიოს და 10 წელია, ვერ წევს, ტაქტიკის შეცვლას არ აპირებს და ერთი და იმავე თემას ატრიალებს, რაც მისთვის წამგებიანია. ქუჩის პროტესტის მომხრე არც ქვეყნის შიგნით არის და არც ჩვენი პარტნიორები, ქვეყნის გარეთ, ამით შედეგის მიღწევა სრულიად წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ისინი ამ ფუჭი თემების აგორებას თავს დაანებებენ და სერიოზიულ საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ იმისთვის, რომ "ოცნება“ მარტო არ დარჩეს პოლიტიკურ ასპარეზზე. იმედი მაქვს, ამას მაინც მიხვდებიან და ამას მაინც გააკეთებენ.

არავინ გადადებს ამ არჩევნებს, ეს "ლოქდაუნს" ნიშნავს და მიდის თუ არა ამაზე ქვეყანა, ეს უნდა გადაწყდეს. პანდემიური თვალსაზრისით ვითარება ძალიან თუ გაუარესდა, 8-10 ათასამდე ავიდა ინფიცირებულთა რიცხვი, მაშინ, როგორც არ უნდა უნდოდეს, ხელისუფლება ვერაფერს იზამს. მაგრამ, როგორც ვუყურებ, ახლა პიკში ვართ, სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი ქვემოთ წამოვა და არჩევნების გადადების აუცილებლობაც აღარ იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.