ავტორი:

"ნაცმოძრაობის" ინიციატივა - სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი კი განახევრდეს

"ნაცმოძრაობის" ინიციატივა - სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი კი განახევრდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს და ასეთი ადამიანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი განახევრდეს.

გარდა ამისა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, აუცილებელია, რომ სრულად ვაქცინირებულმა სოციალურად დაუცველებმა დამატებით ერთი თვის დახმარება მიიღონ, ხოლო ასევე სრულად აცრილმა პენსიონერებმა - დამატებით ნახევარი თვის პენსია.

ამასთან, დეკანოიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ე.წ. ბუსტერებისთვის ქვეყანაში ვაქცინები კიდევ შემოიტანოს.

„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მკვლელ ხელისუფლებას, რომელმაც უმოქმედობის, შიდაპოლიტიკური შუღლის, ძალაუფლების გამო ხაზი გადაუსვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვას. ამ მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. აცრა არის ერთადერთი გამოსავალი, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე.

გარდა ამისა, უმძიმესი ცნობები მოდის ჰოსპიტალური სექტორიდან, რომლის გამართვისთვისაც ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. დიახ, ისინი - ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი არის პასუხისმგებელი, რომ დღეს ჩვენ ვითარებას ვერ ვუმკლავდებით და ადამიანები თავიანთი სიცოცხლისთვის ვერ იბრძვიან. იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება შემსუბუქდეს, დასაწყებია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, ეს ნაბიჯები დასაწყებია დაუყოვნებლივ და უნდა გაკეთებულიყო რამდენიმე თვის წინ.

უპირველესად მოვითხოვთ, რომ ეპიდემიოლოგებმა, ვინც ასე საჯაროდ დადიან „ქართული ოცნების“ შეკრებებზე და შემდეგ ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, წარმოადგინონ პროგნოზი, ტრაექტორია, სად მიდის ქვეყანა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიმართულებით. ჰოსპიტალურ სექტორში უმძიმესი ვითარების, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანებს სოფლებში, პატარა ქალაქებში საშუალება არ აქვთ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, აუცილებელია სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტების გადამზადება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა სოფელში მივიდეს მობილური ვაქცინაციის ბრიგადები, რათა ჰოსპიტალურ სექტორში ექიმებს დაეხმარონ ჩვენი თანამოქალაქეები, ვისაც შესაბამისი განათლება აქვთ, აუცილებელია ეს პრივილეგია რეზიდენტურის დღეებზე ჩაეთვალოს კურსდამთავრებულებს. როდესაც ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის არაფერი გაკეთებულა მთელი თვეების განმავლობაში, ვხედავთ უამრავ ბანერს კახა კალაძის გამოსახულებით და არცერთ ბანერს ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.

აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები. ასევე, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი. ადამიანებს მივცეთ საშუალება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს პროცესში. აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან.

სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია. რაც ასევე არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია.

გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი.

ეს ნაბიჯები იქნება მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს თანამოქალაქეებში გავზარდოთ ვაქცინაციის პოპულარიზაცია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დამატებით შემოიტანონ ვაქცინები „ბუსტერ“ დოზებისთვის. ეს სიტუაცია, რაც დღესაა და ინფორმაცია, რაც არ გვაქვს - რამდენ ვაქცინას როდის შემოიტანენ, რა ხელშეკრულებები იყო გაფორმებული, საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა თანამოქალაქეებმა იფიქრონ და მესამე „ბუსტერ“ დოზა მიიღონ. ვაქცინა ჯერჯერობით არის ერთადერთი გამოსავალი. მთელი პასუხისმგებლობა ადამიანების გარდაცვალებაზე, იმაზე, რომ მათ ჟანგბადი არ აქვთ, ეკისრება ღარიბაშვილს და მის ხელისუფლებას“, - განაცხადა დეკანოიძემ.