რუსთავში კორონავირუსს 24 წლის ახალგაზრდა, ირაკლი მელიქიძე ემსხვერპლა. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ირაკლი მელიქიძე, რეანიმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ, ბინაზე მკურნალობდა.
არსებული ინფორმაციით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პაციენტი თბილისში, "ნიუ ვიჟენის" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში ორი დღის განმავლობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა.
ახალგაზრდა მამკაცი აცრილი არ ყოფილა. როგორც "ფორმულასთან" მისი მკურნალი ექიმი, რეანიმატოლოგი გიგა გელენიძე აცხადებს, პაციენტი რომ აცრილი ყოფილიყო, წლების წინ ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.
"აცრილი რომ ყოფილიყო არ მოკვდებოდა, ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე გეუბნებით. ამის დასკვნის საფუძველს მაძლევს ის, რომ არა თუ სასიკვდილო მდგომარეობაში, არამედ სარეანიმაციოც კი არ მყოლია (პაციენტი) კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ...
შემოიყვანეს მაღალი სიცხით, კოვიდდადასტურებული დიაგნოზით, ჩვენ კლინიკაში შემოვიდა, ფაქტობრივად, ტერმინალურ მდგომარეობაში მისი სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა და გარდაიცვალა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 79 ადამიანი გარდაიცვალა.