დღეს კორონავირუსით ცოლ-ქმარი - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ბარბარე გორგოშიძე და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ დავითაშვილი გარდაიცვალნენ.
წყვილი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა, დილას მამაკაცი გარდაიცვალა, რამდენიმე საათში კი მისი მეუღლეც დაიღუპა.
"ქალბატონ ბარბარეს კოვიდი 13 აგვისტოს, კლინიკაში გეგმიური ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა. სახლში არ წავიდა, შვილებს და შვილიშვილებს გაუფრთხილდა და კოვიდსასტუმროში გადავიდა. ორ დღეში ვირუსი მეუღლესაც აღმოაჩნდა. ძალიან ნერვიულობდა ქმარზე, რადგან ბატონ ოთარს დიაბეტი ჰქონდა. მეექვსე დღეს ქალბატონი ბარბარე რომ გადაიყვანეს გეგმიურ კვლევებზე, უკვე ფილტვის სერიოზული დაზიანება ჰქონდა და კლინიკაში დააწვინეს. მას შემდეგ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა", - გვიყვება ოჯახის ახლობელი.
"ბატონი ოთარი შედარებით უკეთ იყო, მაგრამ იმდენად უყვარდათ ერთმანეთი და ისეთი საოცარი წყვილი იყო, სავარაუდოდ, მეუღლის მდგომარეობა ძალიან განიცადა და ინერვიულა. ქალბატონი ბარბარე იმდენად ხალისიანი ადამიანი იყო, რომ თავად ამხნევებდა სხვებს. თანამშრომლებს კოვიდ სასტუმროდან საოცარი ვიდეო გამოგვიგზავნა, შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა", - ამბობს კლინიკა G G R C - ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის პიარსამსახურის ხელმძღვანელი ეკა ნონიაშვილი.
Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა, რომ ქალბატონი ბარბარე გორგოშიძე ერთჯერადად იყო აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით, მისი მეუღლე კი "სინოფარმის" ერთი დოზით იყო აცრილი.
გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა კლინიკამაც:
"გემშვიდობებით ჩვენო დოდოშკა, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ყველასათვის საყვარელი, თბილი და გულისხმიერი ექიმი ბარბარე (დოდო) გორგოშიძე. „ჟორდანიელი“ კადრი, დიდი სიხარულით მივიღეთ ჩვენს კლინიკაში სულ რამდენიმე თვის წინ, ჩვეული ენთუზიაზმით, ენერგიულად, ხალისით და პროფესიონალიზმით შეუერთდა GGRC-ის გუნდს, უხაროდა ყოველი დღე, ყოველი სიახლე, ყოველი წარმატებული პროექტი და აქტიურად ერთვებოდა ყველა ღონისძიებაში...
ის სიცოცხლის დაბადებას ემსახურებოდა, წარმატებული კარიერის მანძილზე მისი დახმარებით 3000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა, რომელთაგან ზოგი უკვე გაიზარდა და თავად გახდა მშობელი, ისევ დოდო ექიმის დახმარებით. მისი მუშაობის შედეგები აისახება მის პროფესიონალიზმსა და წარმატებულ სამედიცინო პრაქტიკაში, არაერთმა ოჯახმა აიხდინა მისი დახმარებით ოცნება. დოდო გორგოშიძე გახლდათ ტრადიციული მედიცინის საერთაშორისო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, მისი ორგანიზებით ჩატარდა არაერთი წარმატებული კონფერენცია ბაკურიანში, ჩაქვსა და თურქეთში. განუზომლად დიდია ქალბატონი დოდოს როლი ქვეყნის რეპროდუქციული მედიცინის წინსვლაში, დაუღალავად გადასცემდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს, იყო საუკეთესო მენტორი, მეგობარი, სიახლეებისა და ცვლილებების მხარდამჭერი. დოდო გორგოშიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ცენტრისთვის და მთლიანად ჯანდაცვის სფეროსთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მას იცნობდა... დღეს, უსაყვარლეს მეულესთან ერთად, როგორც მთელი ცხოვრება გაატარეს, ისე ხელჩაკიდებულები გადავიდნენ დოდო და ბატონი ოთარი მარადისობაში, ნათელი მათ კეთილ სულს".