ავტორი:

"უკვე შესაძლებელია ვაქცინა სავალდებულო გახდეს" - "ფაიზერის“ ავტორიზაციის შემდეგ, მთავრობამ, ვაქცინაციის დაჩქარებისთვის, იძულების ირიბ მეთოდებს უნდა მიმართოს, თუ - არა?

"უკვე შესაძლებელია ვაქცინა სავალდებულო გახდეს" - "ფაიზერის“ ავტორიზაციის შემდეგ, მთავრობამ, ვაქცინაციის დაჩქარებისთვის, იძულების ირიბ მეთოდებს უნდა მიმართოს, თუ - არა?

"ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს და ასეთი ადამიანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი განახევრდეს. გარდა ამისა, როგორც ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, აუცილებელია, რომ სრულად ვაქცინირებულმა სოციალურად დაუცველებმა დამატებით ერთი თვის დახმარება მიიღონ, ხოლო ასევე სრულად აცრილმა პენსიონერებმა - დამატებით ნახევარი თვის პენსია. მისივე თქმით, ყველა თვითდასაქმებულს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი. "ეს ნაბიჯები იქნება მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს თანამოქალაქეებში გავზარდოთ ვაქცინაციის პოპულარიზაცია", - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთანავე, დეკანოიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ვაქცინები ე.წ. ბუსტერებისთვის, ქვეყანაში კიდევ შემოიტანოს.

ambebi.ge - მ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს ჰკითხა - აშშ-ში "ფაიზერის“ სრული ავტორიზაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის დაჩქარებისთვის იძულების ირიბ მეთოდებს რამდენად უნდა მიმართოს:

- როდესაც იცი, რომ ვაქცინა ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის მიერ ავტორიზებულია, არის უსაფრთხო, ეფექტიანი და კონკრეტულ შედეგს იძლევა, უკვე შესაძლებელია ვაქცინა სავალდებულო გახდეს. ქვეყანაში არაერთი სავალდებულო ვაქცინაა, იცით ახალშობილების და ა.შ. ჩვეულებრივად მიღებული აცრებია.

გიორგი ფხაკაძე

თუ ესა თუ ის ვაქცინა არ არის სრულად ავტორიზებული, მისი დავალდებულება სირთულესთან არის დაკავშირებული და კანონით აკრძალულია. აქამდე ამიტომ ყოველთვის ვამბობდი, პროცესი უნდა იყოს ნებაყოფლობითი - მეთქი, მაგრამ ავტორიზების დღიდან (ჩვენ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ უსაფრთხო და ეფექტიანია), სახელმწიფომ უკვე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს აცრა სავალდებულო გახდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად ფედერალურ სააგენტოებში ვაქცინაცია უკვე სავალდებულოა. ალბათ, ძალიან ბევრი შტატი მიიღებს გადაწყვეტილებას და კოვიდის წინააღმდეგ "ფაიზერის“ ვაქცინა აუცილებელი იქნება უნივერსიტეტებში, სკოლებში და ა.შ.

- ჩვენი მთავრობა რამდენად შეძლებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას?

- მთავრობა წინასაარჩევნო პროცესით არის დაკავებული და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის მიხედვით მიიღებენ, რა აწყობთ მათ საარჩვენო კამპანიას და არა - სახელმწიფოებრივი საჭიროებებით... გააჩნია მოსახლეობა საით წავა და რა ტენდენციები გამოიკვეთება, ნაბიჯებიც ამის მიხედვით გადაიდგმება. სამწუხაროდ, მთავრობა რადიკალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან ცუდი პერიოდი დაემთხვა. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ქვეყანა, დავზარალდებით.

- ვაქცინაციის შესაძლო სავალდებულოობა რა შედეგებს მოიტანს?

- ვხედავთ, მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება, ნაწილი - იცრება, რაღაც მაჩვენებელი გვაქვს. ჯერჯერობით ცოტა ადამიანია ვაქცინირებული.

ეს ვაქცინა არ არის ინდივიდუალური მკურნალობის პროცესი, მთელი საზოგადოების გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ აღარ გვინდა ასე არსებობა, გვსურს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ! ერთადერთი გზა ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებისთვის ისაა, რომ მოსახლეობის 90% აიცრას. სხვა გზა არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი სპეკულაცია და სამწუხარო პოლიტიკური თამაშებია.

ბოლო დროს ისიც შევამჩნიეთ, რომ მარგინალური, აბსოლუტურად ურეიტინგო პატარა პარტიები ცდილობენ ანტივაქსერულ სენტიმენტებზე, ადამიანების შიშებზე ითამაშონ. ლაივებში გამოდიან და აუდიტორიის შეგროვებას ცდილობენ; ამ გზით აღნიშნულ საზოგადოებაში ხმების დაგროვებას, რადგან "მოდური“ საშუალებაა. ვინც იტყვის, რომ ვაქცინა სავალდებულო არ უნდა იყოს და ეს ფაშიზმია, ამ გზით შეეცდება ხმები მოიპოვოს. ამით აზარალებენ არამარტო საკუთარ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ადამიანების შიშებზე თამაში უბინძურესი მეთოდია. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ჩვენ ადამიანების სიცოცხლეზე ვლაპრაკობთ.

- ამ ანტივაქსერულ განწყობილებებს მაინც რა ეშველება?

- ეს სექტა ძალიან გავრცელდა ქვეყანაში. ვიცი, ბევრს არ მოსწონს ეს ტერმინი, მაგრამ თქვენც გთხოვთ დიდი ასოებით დაწეროთ - ეს ანტივაქსერული სექტაა! ვფიქრობდი, რა სიტყვა შემერჩია, ყველას გულზე რომ მოხვედროდა და ეთქვა - არა, მე არ ვარ სექტანტიო. ბევრი დღესაც იძახის, - შეურაცხყოფას რატომ მაყენებო. იქნებ ამ სიტყვამ ფსიქოლოგიურად იმოქმედოს და მიხვდნენ, რომ სისულელეს აკეთებენ.

სხვათა შორის, ანტივაქსერებს ტიპური სექტური სისტემა აქვს. როგორც აღვნიშნე, თამაშობენ ადამიანების შიშზე, გაუნათლებლობაზე, ნაკლებად ინფორმირებულებზე, ვისი ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო სუსტია და ა.შ. ამ გზით მანიპულირებენ მათზე.

ამას ემატება ეკონომიკური გაჭირვება. როცა ხალხი ისედაც დაბნეულია და არ იცის რა ქნას, გამოსავალს ეძებს. აგერ გამოდის, ჩემო ბატონო, ანტივაქსერი და გეუბნება - მე ვლაპარაკობ იმას, რაც შენ გინდა, ამ გზით მანიპულირებს დაუსრულებლად.

ერთადერთი გზა ამ სექტის წინააღმდეგ - უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასპროცენტიანი ვაქცინა არ არსებობს. არსებობს მაღალეფექტიანი ვაქცინები - 80, 90%. გულწრფელად გეტყვით, მეც დავიღალე, მაგრამ არ უნდა დავიზაროთ. უკვე ათასობით ადამიანი მწერს, ბატონო გიორგი, - ავიცერიო; ასევე ოჯახის წევრები, მეზობლები, ახლობლები და ნათესავებიო. როცა სიმართლეს ლაპარაკობ, ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მივა ადრესატამდე. ანტივაქსერებშიც არ უნდა თქვათ, რომ არაფერი გეშველებათ (ჩვენში დარჩეს და ზოგს ნამდვილად არაფერი ეშველება), მაინც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მათი სულებისთვის; ვეცადოთ ეს დაკარგული სულები ჭეშმარიტებამდე მივიყვანოთ. ახლა როგორც სასულიერო პირი ისე ვსაუბრობ, მაგრამ რა ვქნა?

გია ხუხაშვილი, პოლიტიკური ექსპერტი:

"საერთოდ, სტიმულების თეორია არსებობს. როდესაც ხედავ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან სხვა ტიპის საფრთხეებია, სტიმულების ინსტრუმენტები გამოიყენება. არის როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური სახის სტიმულები, ყველაფერი კომბინაციაში უნდა იყოს, ასეთია ადამიანი.

გია ხუხაშვილი

ის, რომ "ფაიზერმა“ სრული ავტორიზაცია მიიღო შეერთებულ შტატებში და ყველა სხვა ქვეყანაში (ვინც მის სისტემას ენდობა), რასაკვირველია, ნებისმიერ ხელისუფლებას ლეგიტიმურ უფლებას და ინსტრუმენტს აძლევს გარკვეული იძულების მექანიზმები გამოიყენოს. მათ შორის, სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთლიანად მოსახლეობისა თუ არა, გარკვეულ სოციალურ რისკ-ჯგუფებში მაინც. ეს იქნება ექიმი, მასწავლებელი, მომსახურე პერსონალი და ა.შ.

მეორე მხრივ, ჩემი აზრით, საქართველოსნაირ ქვეყანაში პოზიტიური სტიმულები უფრო ეფექტიანი იქნება. თუ ერთ შემთხვევაში აგრესიამ და ამას მოყოლილმა პროტესტის ფორმებმა შეიძლება გარკვეული კრიზისი გააჩინოს (ასეთი საფრთხე არსებობს), პოზიტიური სტიმულები პირიქით, უფრო კონსოლიდაციას იწვევს. თუნდაც ამ ფსევდო ანტივაქსერულ მოძრაობაში გარკვეულ განხეთქილებას იწვევს. უნდა გვესმოდეს, რომ ანტივაქსერებს ვისაც ვეძახით, რეალური, იდეით ანტივაქსერი სულ 10-15% იქნება, დანარჩენი ხელოვნურად მიტმასნილია; რაღაც ყურმოკვრითაა იქ და ამ ანტივაქსერობას უფრო თამაშობს. ამ ხალხისთვის პოზიტიური სტიმულები ძალიან საინტერესო იქნებოდა.

ელემენტარული გათვლის საფუძველზე 4-მილიონიანი ფონდით შეგვიძლია გავათამაშოთ, დავუშვათ ათი ბინა, 20 მანქანა, საყოფაცხოვრებო ნივთები, საგნები ძალიან ბევრი და ადამიანებს დადებითი სტიმული მივცეთ. ანუ ყველა ვაქცინირებულს მიენიჭება უნიკალური კოდი და გავათამაშოთ სამ თვეში. ვფიქრობ, ასეთი დადებითი სტიმული ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება, ქვეყანაც ეკონომიას გააკეთებს. ეს არ იქნება დამატებითი ხარჯი. პირიქით, ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა შემცირდება. შესაბამისად, ჩვენ როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ სარგებელს მივიღებთ.

დადებითი სტიმულების სხვა ფორმების მოფიქრებაც შეიძლება. ასე რომ, გვჭირდება ე.წ. მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის გატარება, ნეგატიური და პოზიტიური სტიმულების სახით. ველოსიპედს კი არ ვიგონებ, ადამიანის ბუნება ასეთია. სტიმული სჭირდება, რომ გადადგას რაღაც ნაბიჯი. შენ გადაადგმევინო ეს ნაბიჯი, სადაც ის ჯიუტობს. გასაგებია, რომ ადამიანების მცირე პროცენტია, რომელთანაც არანაირ სტიმულს აზრი არ აქვს, მაინც არ გააკეთებს. ისინი საერთოდ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ხელოვნურად, ყალბად შექმნილი ანტივაქსერული მუშტის დაშლა ნამდვილად შეგვიძლია“.

ავტორი: მერაბ ბერიძე