გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე, 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, - ასე განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ის, თუ რატომ უკავია წინა ხელისუფლებაზე საუბარს გარკვეული წილი მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიაში.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, 9 წლის წინ საქართველოში იმდენად ცუდი რაღაცები ხდებოდა, რაც ქვეყანაში აღარასდროს უნდა განმეორდეს, ეს კი სწორედ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.
კითხვაზე, ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად აძლიერებს არა მის მიერ გაკეთებული საქმეები, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკურ ბუად“ წარმოჩენა, კობახიძემ განმარტა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბარს მმართველი გუნდის კამპანიის მხოლოდ 10% უკავია, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერი სახის კამპანიის წარმოებისას.
„ჩვენი კამპანიის 90% ეთმობა საუბარს იმაზე, თუ რა გავაკეთეთ და რას ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ, 10%-ს თუ ვსაუბრობთ ჩვენს ოპონენტებზე და მათ შორის, მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიაზე, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი ნებისმიერ პოლიტიკურ კამპანიაში.
ყოველი მეოთხე ამომრჩეველი ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც არის ძალიან მძიმე მოცემულობა. ერთ - ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ საკუთრებაშია სამი სატელევიზიო არხი, რომელსაც თავისი მაყურებელი ჰყავს, თავისი გავლენა აქვს და ბუნებრივია, მათი მაყურებელი მოქცეულია შესაბამისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ორი ძირითადი რესურსი აქვს „ნაცმოძრაობას“, რასაც იყენებს არჩევნებს შორის პერიოდშიც და არჩევნების დროსაც, ეს არის ხალხისგან მოპარული ფული, რომელსაც სააკაშვილი დღემდე ხარჯავს, მათ შორის, არჩევნებზე, მეორე ეს არის მედია, რომელსაც ამ ფულით ინახავს. ტელევიზიებსაც ამ „შავი ფულით“ ინახავენ. მაგალითად რომ აიღოთ კონკრეტული ტელევიზიების თანამშრომლები, ნახავთ, რომ ძალიან დიდ ნაწილს შავად ურიგდებათ ხელფასები. უბრალოდ, მედიაზეა საუბარი და შემდეგ მოჰყვება ამას სპეკულაციები და შეიძლება უწყებებიც თავს იკავებენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ შავი ფული ტრიალებს ქართულ მედიაში“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, "შემდეგი ერთი თვე გიორგი გახარიაზეც იქნება საჭირო საუბარი". კითხვაზე, შეძლო თუ არა გასული თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მინიმუმ ერთი მტკიცებულების მოპოვება მაინც, რითაც საზოგადოება მის მიერ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უტყუარობას დაიჯერებდა, კობახიძე პასუხობს: "ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ნიკანორ მელიას გულისთვის რომ გადადგები კაცი, მეტი მტკიცებულება რა გინდა?!".
როგორც კობახიძემ გადაცემაში აღნიშნა, გიორგი გახარია „არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი“.
„ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს და ამაზე დიდი ღალატი საკუთარი გუნდისა და ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი გახარია დღეს საინტერესო ფიგურა აღარ არის, რადგან, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა აქტუალურობა დაკარგა.
„თავის დროზე ბევრად მეტს ვსაუბრობდით, მაგრამ აღარ არის საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე ამ ადამიანთან და მის პარტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ სიმართლემ განაპირობა ის, რომ მას რეიტინგი რადიკალურად შეუმცირდა. დღეს ის ვერ ახერხებს იმდენი ხმის წართმევას, რასაც იმ შემთხვევაში მოახერხებდა, ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე რომ არ გვეთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, აქტუალობა დაკარგა მისმა ფაქტორმა. ამის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ. შემდეგი ერთი თვის განმავლობაშიც მასზეც იქნება საჭირო საუბარი, ბუნებრივია. ჩვენთვის ძვირფასია, თუნდაც ის 10 ათასი ხმაც, ის ათასობით ხმაც, რომელსაც ახლაც გვართმევს. მისი ხმების დაახლოებით ნახევარი არის ჩვენგან წაღებული ხმები, რაც აქვს 4-5%, - ნახევარი არის ჩვენი, ნახევარი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების, თუმცა, ის 2-3%-ც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს 2-3%-ც უკან დავიბრუნოთ. ამიტომ, მეტი სიმართლის თქმის გაგრძელებაა საჭირო საზოგადოებისთვის და ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ.
აქტუალობა დაკარგა არსებითად გახარიას ფაქტორმა. მას ჰქონდა ერთადერთი მისია, რომ რამენაირად დავეახლოებინეთ 43%-იან მაჩვენებელს, ეს მისიაც ამოწურა, ანუ საერთოდ დაკარგა აქტუალობა, ფუნქცია დაკარგა გახარიამ და მისმა პარტიამ. რა დავალებითაც შემოიყვანეს პოლიტიკაში, ის დავალება აღარ არსებობს ბუნებაში. ჩვენც შესაბამისად, იმდენს აღარ ვსაუბრობთ გახარიაზე, რეალურად აღარ არის აქტუალური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.