ავტორი:

"ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის... გადასულნი არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე.." - ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

"ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის... გადასულნი არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე.." - ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

"ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის და ამ მტრობას წერტილს დავუსვამთ კიდევ ერთხელ 2 ოქტომბერს", - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, "შეუწყვიტოს "ქართული ოცნების“ რეჟიმს ფინანსური დახმარება“.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ეს არის მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადება“.

"როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო ასეთი მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადებაზე?! მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა აქტიურად და როდესაც ხელი მოვაწერეთ 2014 წელს ასოცირების შეთანხმებას და უვიზო მიმოსვლაზე დავიწყეთ მუშაობა, ამ შემთხვევაში საუბარი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზოდ გადაადგილებაზე. ეს ხომ არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებისთვის უვიზო გადაადგილება?!

ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი მოსახლეობისთვის უვიზო გადაადგილებაზე, რაც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება და ასეც მოხდა მოგვიანებით და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მიიღეს. მაშინ მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა მიმდინარეობდა, რომ როგორმე ჩვენს ქვეყანას უვიზო რეჟიმი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ მიეღო. რა ჰქვია ამას თუ არა მტრობა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის?! იგივე ხელწერა გრძელდება მას შემდეგ და ახლაც. ეს ადამიანები ვინაიდან ვეღარ ელაპარაკებიან საკუთარ მოსახლეობას და ხალხს, იციან, რომ ყველა არჩევნებში მარცხდებიან სასტიკად, გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად რაღაც პრობლემა შეუქმნან ჩვენს პარტიას კი არა, ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის და ამ მტრობას წერტილს დავუსვამთ კიდევ ერთხელ 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყნის განვითარების შეფერხებაა.

"რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდება "ნაციონალური მოძრაობა“. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად გამორიცხული, შეუძლებელი და ეს ჩვენმა ხალხმა დაადასტურა. რაც რჩებათ, არის ის, რომ პროვოკაციით ჩვენი განვითარების შეფერხება შეძლონ. რა თქმა უნდა, ეს დასრულდება კრახით ისევე, როგორც დასრულდა მათი ნებისმიერი მცდელობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

სააკაშვილის შეფასებით, პირველად ისტორიაში, საქართველო რჩება ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე და ეს არის ის, რასაც მიაღწია ხელისუფლებამ "იმ დემოკრატიით, რომლითაც ევროპა უნდა განეცვიფრებინათ“.

"მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება, იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო“, - განაცხადა სააკაშვილმა.