დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გარკვეული შეზღუდვების შემოღების, აღსრულების მეტი კონტროლისა და უფრო ინსტენსიური აცრების ფონზე, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო.
"დღეს პირველად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალოდ 10%-ს ჩამოსცდა. ასევე, პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა საერთოდ და ასევე, ე.წ. კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა, ჩვენ როგორც ვამბობთ ხოლმე, "კუდი ჩამოსწია ქვემოთქკენ“. ფერდი, პიკი გადაიარა და ქვემოთკენ მოდის, ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები“, - აცხადებს გამყრელიძე.
მისივე განმარტებით, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ ორი კვირის შემდეგ პიკის გადასვლიდან ეს მაჩვენებელი თანდათან იწყებს შემცირებას. ამასთან, მისივე განმარტებით, ქვეყანაში გაზრდილია აცრების მაჩვენებელი.
"დღეს აგვისტოს ბოლო დღეა და შესრულდება სამი მრგვალი რიცხვი - 1 200 000 აცრა იქნება ქვეყანაში და გადააჭარბებს. მეორე მრგვალი რიცხვი იქნება ასეთი - 800 000-სს გადააჭარბებს მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა და ესეც დღეს იქნება. მესამე მრგვალი რიცხვი იქნება ასეთი- 400 000-სს გადააჭარბებს სრულად აცრილთა რაოდენობა. აგვისტოში აცრები გვაქვს სამჯერ მეტი, ვიდრე გვქონდა ივლისში. საშუალოდ, დღეს დილის მონაცემებით არის 23 000-მდე და ბოლო ერთი კვირის არის 25 600“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ეპიდემიის შეკავებისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი და მეტი აცრა.
„ანუ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას. ამ კუმულაციურ იმუნიტეტს აქვს შემაკავებელი თვისება. ამიტომ მთავარია არ შევანელოთ აცრის ტემპი და პირიქით, სექტემბერში გვქონდეს რაც შეიძლება მეტი (იმუნიზაციის მაჩვენებელი)“, - აცხადებს გამყრელიძე.