მე ამათგან განსხვავებით, სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ის იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მისწვდა ყურძენს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ხელისუფლების მისამართით აცხადებს.
მან ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით ივანე კრილოვის იგავ-არაკი „მელია და ყურძენი“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება იტყუება.
„დაწყებული ავღანეთიდან, ამერიკიდან და დამთავრებული ევროპით, ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან, იყო ქართველების დახმარების მცდელობა, რომელშიც ესენი ხელს მიშლიან. ვუშოვე ევროპაში ვაქცინები, მათ დარეკეს, არ გვინდა, თავი დაგვანებეთო. ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის ევაკუაციისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი, უთქვენოდაც ყველაფერს გავაკეთებთო. რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ დახმარება შეუჩერონ?! ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას თავისი აზრი ჩამოუყალიბდეს. ბევრს დავდივარ, ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით, ბრიუსელში ბოლო ერთ-ერთი ვიზიტის დროს ევროკომისიის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალჩინოსანმა მითხრა ღარიბაშვილზე, „ეს არის კლინიკური იდიოტიო“, ვციტირებ. მე ამათგან განსხვავებით, სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ის იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მისწვდა ყურძენს, დარჩა ამოძუებული, მაგრამ მაინც არ გაიტეხა ვითომ კუდიანმა გული და ეს ურცხვად დაიკვეხნა - „რომ არ ვსჭამე კარგი ვქენი, გეფიცებით შვილებსაო, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“. აი, ეს არის ზუსტად ივანიშვილის და მისი მთავრობის ევროკავშირთან დამოკიდებულება - „მწარე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“. ვინ აძლევდა ყურძენს, ვერ წვდებოდა, ვეღარ მიწვდნენ და ვერც მიწვდებიან ეს მართლა ოროსნები.
რა თქმა უნდა, იტყუებიან იმიტომ, რომ ეს არის უფასო ფული, რასაც ივანიშვილი ამბობს, უბრალოდ, აღარ აძლევენ იმიტომ, რომ ხუთჯერ მეტი პროცენტით იღებენ ევრობონდებს და სხვა კრედიტებს, გააღატაკეს ბიუჯეტი, ორჯერ გაზარდეს ვალი ჩემს მმართველობასთან შედარებით, ორჯერ გაზარდეს სიღარიბე, უმუშევრობა, ორჯერ დააგდეს ვალუტის კურსი. ევროკავშირის დახმარების არმიღების შემდეგ, ვალუტა კიდევ უფრო დავარდება და უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რა თქმა უნდა, მათ ეს დახმარება არ უნდა მიიღონ იმისთვის, რომ მთლიანად მიდის მათ ჯიბეში და არაფერი აღწევს ქართველ ხალხამდე. ესენი ცდილობენ, საბოლოოდ ჩამოგვაშორონ ევროპას და გადაგვაქციონ რუსულ ჭაობად. ჩვენსა და ევროპას შორის არ უნდა იდგნენ ეს ყაჩაღები, საქართველო იქნება, წარმატებული, განვითარებული, ევროპული ქვეყანა და ჩვენ ყველანი ამას მივაღწევთ“,- აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას.
შესაბამისად, როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია“.