ავტორი:

გიგი უგულავას განცხადებით, შსს ფოთში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს - რა დოკუმენტი გადასცეს მერობის კანდიდატს მომსახურების სააგენტოში

გიგი უგულავას განცხადებით, შსს ფოთში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს - რა დოკუმენტი გადასცეს მერობის კანდიდატს მომსახურების სააგენტოში

ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, სადაც მას გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც არ წერია, რომ მას შეუფერხებლად შეუძლია მერობის კანდიდატად დარეგისტრირება. აღნიშნულ დოკუმენტში ნახსენებია, რომ საკითხს განიხილავს შსს-ს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტი.

გიგი უგულავას თქმით, თუკი არ მოხდება მისი დარეგისტრირება ფოთში, რეფერენდუმი მაინც შედგება. მისივე თქმით, უფრო მეტი ენერგიით შეუდგება საქმეს, „რასაც ჰქვია „ქართული ოცნების" მმართველობიდან ამოძირკვა“.

გიგი უგულავა სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

„ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებლივი საფუძველი არ აქვს. აქაც წერია, რომ დოკუმენტი, რომელსაც მე ვითხოვ, რომელიც კანონით არის საჭირო, ეფუძნება ორ რაღაცას, ანუ, ამ დოკუმენტს შსს ვერ გასცემს პირზე, თუ ამ პირის მიმართ არის დანაშაული დადასტურებული სასამართლოთი, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას და ნარკოტიკულ დანაშაულს. შესაბამისად, არც ერთი და არც მეორე არ არის. საქმე, რომელზეც ბატონები საუბრობენ, არის 126-ე მუხლი. მე რომ ძიუდოისტი ვცემე, ოღონდ ეს ძალაში არ არის შესული, შესაბამისად, ეს ვერც იქნება, მაგრამ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში რომც იყოს შესული, ამ კატეგორიაში ეს არ შედის. 126-ე მუხლი არის მსუბუქი მუხლი და შესაბამისად ვერ იქნება ამის საფუძველი და ვერ იქნება დოკუმენტის არ გაცემის საფუძველი. ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ეს როგორც მითხრეს არის შუალედური, სავარაუდოდ, ხვალ რაღაც ასეთ წერილს მივიღებ, შინაარსს მოგახსენებთ, ვნახოთ რა იქნება. ბუნებრივია, მე ამას გავასაჩივრებ საერთო სასამართლოებში და საერთოდ ამ ნორმას, რომელიც მიმაჩნია უფლების შემზღუდავ ნორმად, წავიღებ აუცილებლად ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში.

ვის თავშიც ეს იდიოტიზმი და უკანონობა დაიბადა, იმის გასაგონად მინდა ვთქვა, დავრეგისტრირდები თუ არ დავრეგისტრირდები, რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება, „ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება. აქ დავრჩები, ზუსტად ვიმუშავებ ისე, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, როგორც კანდიდატი ვიქნებოდი და კიდევ უფრო გაათკეცებული ენერგიით შევუდგები იმ საქმეს, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების" მმართველობიდან ამოძირკვა, რაც 2 ოქტომბერს დაიწყება, როდესაც რეფერენდუმზე გაფორმდება „ქართული ოცნების" მარცხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.