სასამართლოში ძირეული რეფორმები განვახორციელეთ, ეს პროცესი გრძელდება და დრო სჭირდება, - "რომი ერთ დღეში არ აშენებულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველომ ვერ შეძლო გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.
ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირთან გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები ნორმალურია.
"გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. როგორც იტყვიან, "რომი ერთ დღეში არ აშენებულა", ამას სჭირდება დრო. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.