ავტორი:

"ვუთხარი, რომ მე ვიცრები და შენც აიცერი-მეთქი. ეშინოდა, მაგრამ მითხრა, შენ თუ რამე დაგემართა, მე რად მინდა სიცოცხლეო..." - მონაზონი, 86 წლის დედა ეფემია კოვიდვაქცინით აიცრა

"ვუთხარი, რომ მე ვიცრები და შენც აიცერი-მეთქი. ეშინოდა, მაგრამ მითხრა, შენ თუ რამე დაგემართა, მე რად მინდა სიცოცხლეო..." - მონაზონი, 86 წლის დედა ეფემია კოვიდვაქცინით აიცრა

ქვედა თბილისის ეპარქიის მონაზონი, 86 წლის დედა ეფემია კოვიდვაქცინით აიცრა, ფოტო სოციალურ ქსელში ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარმა მამა დოროთე ყურაშვილმა გამოაქვეყნა. დედა ეფემია მამა დოროთეს დედაა და როგორც მოძღვარმა გვითხრა, თავად უნდოდა, რომ დედა აცრილიყო, რადგან ასაკშია და კორონავირუსი სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს ურთულდებათ...

მამა დოროთე ყურაშვილი:

- მე თვითონ ორჯერადად აცრილი ვარ, მეორე აცრიდან უკვე ერთი თვე გავიდა. მე რომ ასაცრელად წავედი, დედას მაშინ ეშინოდა, მაგრამ პირველ რიგში დედასთვის მინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ ამ ვირუსის გადატანა ასაკიან ადამიანებს უჭირთ. ვუთხარი, რომ მე ვიცრები და შენც აიცერი-მეთქი. ეშინოდა, მაგრამ მითხრა, შენ თუ რამე დაგემართა მე რად მინდა სიცოცხლეო და საბოლოოდ აცრა გადაწყვიტა.

ანტივაქსერული განწყობა არ ჰქონდა, უბრალოდ ეშინოდა, გულში სტენტი აქვს ჩადგმული. თავის ექიმმა უთხრა, პირიქით, ასეთი თანმდევი ავადმყოფობისას უნდა აიცრაო. აცრის შემდეგ კარგად არის. ვიცოდი, რომ კარგად იქნებოდა. ორივე სინოფარმით ავიცერით, თვითონაც იმ ვაქცინას ენდო, რითაც მე ავიცერი.

მამა დოროთე ყურაშვილი სამების ტაძრის სამ მოძღვართან ერთად, ორი თვის წინ აიცრა, მაშინ მამა ილია თოლორაიამ სოციალურ ქსელში აცრის შემდგომ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სასულიერო პირების ფოტოს ანტივაქსერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მოძღვრები ვაქცინაში სატანურს არაფერს ხედავდნენ და ასეთ დროს, ადამიანებს ექიმებისთვის უნდა დაეჯერებინათ.