ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა სერიოზულად განახლდება, ამის შესახებ სატატია, სათაურით: "პლაჟური ბარიერი: მე-7 ბაზა ახალ შეიარაღებას მიიღებს. რით ძლიერდება რუსეთის ფორპოსტი აფხაზეთში“ რუსულ გაზეთ "იზვესტიაში“ გამოქვეყნდა (ავტორები - ანტონ ლავროვი და ანა ჩერეპანოვა).
"აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა სერიოზულად განახლდება: ის მიიღებს როგორც ქვეითთა მოდერნიზებულ ჯავშანმანქანებს (БМП-3), ასევე უპილოტო მფრინავ აპარატებს. ჯარისკაცები შეიარაღდებიან კალაშნიკოვის ავტომატის ყველაზე თანამედროვე ვერსიით Ак-12-ით. ამჟამად მე-7 სამხედრო ბაზა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. ის არამარტო აფხაზეთს და რუსეთის სამხრეთს იცავს, არამედ კავკასიაში და შავიზღვისპირეთში სამანევრო რეზერვი ხდება“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა განხილული ახალი შეიარაღების უპირატესობები, მათი ტექნიკური მონაცემები და ის მიზნები და გარემოებები, რამაც გადაიარაღების აუცილებლობა წარმოქმნა.
"ახალი შეიარაღება იმიტომ განალაგეს მე-7 ბაზაზე, რომ თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო პროვოკაციები, უპირველესად კი საქართველოს მხრიდან, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და იმავდროულად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას ცდილობს. დღეისათვის გუდაუთაში დისლოცირებულ სამხედრო ბაზას სრულიად ძალუძს აგრესია მოიგერიოს, თუ მსგავსი რამ მოხდება“, - ამბობს რუსი სამხედრო ექსპერტი ვიქტორ მურახოვსკი "იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარისას.
"ამჟამად ბაზის ამოცანები უფრო ფართოა, ვიდრე ეს, ვთქვათ, 2008 წელს იყო, როცა ის ყალიბდებოდა“, - ამბობს "იზვესტიასთან" საუბარში სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი, - "საქართველოსგან საფრთხე სერიოზულად შემცირდა, თუმცა მე-7 ბაზაზე დისლოცირებული ჯარები შეიძლება მობილურ რეზერვად იქცეს მთელ შავიზღვისპირეთში. ბაზასთან რკინიგზა მიდის, იქ არის სამხედრო აეროდრომი, რომელსაც შეუძლია მიიღოს როგორც თვითმფრინავები, ასევე შვეულმფრენებიც. ბაზა ზღვის ნაპირთან მდებარეობს, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ჯარისკაცები სადესანტო ხომალდებზე პირდაპირ პლაჟიდან ავიდნენ“.
"არ უნდა დავივიწყოთ ბაზის სიმბოლური მნიშვნელობაც - მისი არსებობა აფხაზეთის შეიარაღებული ძალებისათვის დიდ იმედს წარმოადგენს. გარდა ამისა, ბაზა სიმშვიდეს უნერგავს მრავალრიცხოვან რუს დამსვენებლებსაც - მათ იციან, რომ მუდმივად დაცვის ქვეშ იმყოფებიან“, - ამბობს ექსპერტი. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ