ავტორი:

ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი უხელმძღვანელებს - რისთის იკრიბებიან "თალიბანის" უმაღლესი ლიდერები ქაბულში

ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი უხელმძღვანელებს - რისთის იკრიბებიან "თალიბანის" უმაღლესი ლიდერები ქაბულში

ავღანეთის ახალ მთავრობას "თალიბანის" თანადამფუძნებელი მულა ბარადარი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სხვადასხვა წყაროზე დაყრნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალ მთავრობაში, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, „თალიბანის“ თანადამფუძნებლის, მულა ომარის ვაჟი მულა მუჰამედ იაყუბი და შერ მუჰამედ აბას სტანექზაც იქნებიან წარმოდგენილი.

”ყველა უმაღლესი ლიდერი ჩავიდა ქაბულში, სადაც ახალი მთავრობის გამოცხადებისთვის მზადება ბოლო ეტაპზეა”, - აღნიშნა „თალიბების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

ამასთან, წყაროს ცნობით, „თალიბანის“ უზენაესი რელიგიური ლიდერი ჰაიბათულა ახუნზადა რელიგიურ საკითხებს უხელმძღვანელებს.

„თალიბებმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს დაიკავეს. ამ დროისთვის ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ფანჯშირის პროვინციაა, სადაც „თალიბანისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, გაერომ ავღანეთში ჰუმანიტარული საჰაერო სამსახურის სამი თვითმფრინავით ფრენები განაახლა. ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

რეისები, რომელსაც სურსათის მსოფლიო პროგრამა (WFP) ახორციელებს, პაკისტანის ისლამაბადს ავღანეთის ქალაქებთან, მაზარ-ი-შარიფთან და ყანდაართან აკავშირებს. პროგრამა მიზნად ისახავს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ძნელად მისადგომ ადგილებში

”2002 წლიდან 2021 წლამდე ავღანეთში გაეროს ჰუმანიტარული საჰაერო სამსახური ქვეყნის 20 -ზე მეტ მიმართულებას ემსახურებოდა; ის შეეცდება დაუბრუნდეს ამ ადგილებს, როგორც კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და დაფინანსება ამის საშუალებას მისცემს,” - აღნიშნა დუჟარიკმა.