ყვარელში ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი და სატყეო სამსახურის თანამშრომლები.
როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა, ინტენსიური სამუშაოების და ავიაციის ჩართვის მიუხედავად, ქრობას ძლიერი ქარი და რთული რელიეფი აფერხებს.
„ცეცხლის ქრობით სამუშაოებში ორი საათის წინ ჩაერთო ავიაცია. იმედი გვაქვს, ვერტმფრენის დახმარებით რამდენიმე საათში შევძლებთ ლოკალიზება გამოვაცხადოთ, თუმცა წინასწარ რამის პროგნოზი რთულია. ვითარებას მეტეოროლოგიური სიტუაციაც ართულებს. ცოცხალი ძალა რჩება ხანძრის ეპიცენტრში და აქტიურად მუშაობს”, - აცხადებს ირაკლი შიოშვილი.
ცნობისთვის, ცეცხლი ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩაგურგურას ხეობაში ორი დღის წინ შენიშნეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.