თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია პოლიციას არ დაეკავებინა, - ასე აფასებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, ღალატია ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა.
„თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ. ერთს ვეტყვი, აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ყველამ, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა მას დაარქვა სახელი. ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან. ღალატია ის, რაც მან ჩაიდინა. მეორე, გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როდესაც გულდაწყვეტით საუბრობს ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე, რაღაც თქვა. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ჩვენ ამის თაობაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის, მისი თანდასწრებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის, გამო რომ ნიკა მელია არ დაეკავებიან პოლიციას. მეორე ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც მან ჩაიყვანა სპეცრაზმი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით. კაცი არ დაუსჯია მას. მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ, გაუგებარი სპეცოპერატია ჩაატარა კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი შემდეგ გამოვიდა და ვნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის, იმ ხალხს, ვისაც ნარკომანებს ეძახდა და ასე შემდეგ. ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინებაა ის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად უგუნურად დაგეგმავ ოპერაციას, „გავრილოვის ღამეს“ ჩატარებულ სპეცოპარაციას ვგულიხმობ, გამოიყვან სპეცრაზმს გარეთ, როდესაც შიგნით უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა. აცემინა 3 საათის განმავლობაში, მოსახლეობას აყურებინა როგორ სცემდნენ აგრესიული „ნაცმოძრაობის“ წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმს. ეს არის სირცხვილი და ინსტიტუტების დანგრევა“, - აღნიშნავს პრემიერი.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ყოფილი პრემიერის გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა, მან კი თავდაცვის მინისტრად დანიშნა.
„მაგას არავინ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნა იმ დროს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.
„მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. ასე რომ, მე არაფერი გამკვირვებია. ეს მისი ინტერპრეტაციებია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გახარია აკრიტიკებს გუნდს, რომელიც „მძიმე დანაშუალებისა და შეცდომების მიუხედავად, მას ბოლომდე გადაეფარა“.
„ეს ადამიანი მარტო არ იყო, როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? მასთან იყო მთელი გუნდი, პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია. ჩვენ კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის - დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ნდობისა, არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს რამდენიმე ადგილას. ამდენი ნდობა მოგცეს, ამდენი რაღაც გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო, ეს იყო გუნდი, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის, შეცდომის თუ გადაცდომის შემდეგ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.