თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ დედაქალაქის მერობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება ადასტურებს, რომ ის "ქართული ოცნების“ პროექტი არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ყველაზე დიდი კონკურენტი ქალაქში არსებული პრობლემები და გამოწვევებია.
"მიზანმიმართული ტყუილის გავრცელება მიდიოდა, რომ თითქოს გიორგი გახარია იყო "ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა პირადად ჩემს წინააღმდეგ და ალბათ, იმ ადამიანებისთვის, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, რომ მართლა ასე ხომ არ არის, ყველაფერი ნათელია და შესაბამისად, ამიტომ იღებენ მისი გუნდის წევრები ამ გადაწყვეტილებას, რომ ტოვებენ პარტიას.
კონკურენციას რაც შეეხება, ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია,“- განაცხადა კალაძემ.