ავტორი:

ექიმების საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოც ფრანგი ფეხბურთელი 39 წელი კომაში იყო - "მოპარული ცხოვრებისა" და უპირობო სიყვარულის ისტორია

ექიმების საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოც ფრანგი ფეხბურთელი 39 წელი კომაში იყო - "მოპარული ცხოვრებისა" და უპირობო სიყვარულის ისტორია

ფრანგი ფეხბურთელი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ჟან პიერ ადამსი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 39 წლის განმავლობაში კომაში იყო. 1982 წელს ადამსი მუხლის ოპერაციისთვის კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა ანესთეზია შეცდომით გაუკეთეს, რამაც კომა გამოიწვია.

კომიდან ის ვეღარ გამოვიდა.

წარმომავლობით სენეგალელი ადამსი იყო ფრანგული კლუბის, "ნიცას" ფეხბურთელი, რომლის შემადგენლობაშიც 140 მატჩი აქვს ჩატარებული, "ნიცას" შემდეგ თამაშობდა "პარი-სენ ჟერმენში".

პარი-სენ ჟერმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამსს განსაკუთრებული ქარიზმა და თავდაჯერებულობა ჰქონდა, რომელიც ფეხბურთელის მიმართ ყველას პატივისცემით განაწყობდა.

  • რა მოხდა 39 წლის წინ ლიონის კლინიკაში?

ადამსს თამშის დროს მუხლის მყესი დაუზიანდა, რის გამოც, ლიონის საავადმყოფოში შეიყვანეს. ყოველივე იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ლიონის საავადმყოფოს თანამშრომელთა დიდი ნაწილი გაფიცული იყო. ერთი ანესთეზიოლოგი ერთდროულად რვა პაციენტს, მათ შორის, ჟან პიერ ადამსს ემსახურებოდა. ანესთეზიოლოგს დახმარებას სტაჟიორი უწევდა, რომელმაც მოგვიანებით თქვა, რომ მან რეალურად არ იცოდა ის საქმე, რომელიც ანდეს.

მოგვიანებით დადგინდა, რომ ანესთეზიოლოგმა და სტაჟიორმა არაერთი შეცდომა დაუშვეს, რომელმაც პაციენტი კომაში ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ამ ამბისთვის 1990 წელს ანესთეზიოლოგი და მისი სტაჟიორი ერთთვიანი პატიმრობით დასაჯეს და მათ 750 ევროს ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს.

ადამსი 15 თვის შემდეგ სახლში გაწერეს და მას შემდეგ მასზე მისი ცოლი, ბერნადეტ ადამსი ზრუნავდა.

  • ბერნადეტი - ქალი ფოლადივით მტკიცე სულით

მედიაში წერენ, რომ ბერნადეტ ადამსი შესანიშნავი ქალია, ნაზი, მაგრამ ფოლადივით მტკიცე სულით, რომელსაც ერთხელაც არ უფიქრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპარატის გამორთვა ქმრისთვის და თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში ყოველ დღე ზრუნავდა კომაში მყოფ ჟან პიერ ადამსზე.

უცვლიდა სამოსს, უმზადებდა საჭმელს, მიჰქონდა საჩუქრები და მუდამ ესაუბრებოდა.რა თქმა უნდა, ცოლის ქმედებებზე კომაში მყოფი ადამსის პასუხი მხოლოდ დუმილი იყო, მაგრამ ექიმები ამბობდნენ, რომ თუკი ბერნადეტ ადამსი ორი დღით სადმე წავიდოდა კაცის მდგომარეობა უფრო რთული და მძიმე ხდებოდა.

"არ შემიძლია დავმალო, რომ ჩვენი ქორწინება ჩემი მშობლებისთვის ძალიან რთული იყო. იმ პერიოდში შავკანიანი მამაკაცისა და თეთრკანიანი ქალის ქორწინება არ იყო საზოგადოებისთვის მისაღები. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ერთად ცხოვრება დავიწყეთ, შემდეგ კი დავქორწინდით. ჩემს მშობლებს წერილი გავუგზავნე და მოსაწვევი - ჩვენი ქორწილის თარიღი შევატყობინე, რის შემდეგაც, დედამ ვახშამზე დაგვპატიჟა. მას შემდეგ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩემმა ოჯახმა მიიღო და შეყვარა. ჟან პიერ, ჟან პიერ - მათგან სულ მისი სახელი მესმოდა, სულ მის შესახებ საუბრობდნენ", - ჰყვებოდა ბერნადეტი CNN-თან.

ქალი ქმრის გვერდით იყო გარდაცვალებამდე და არც უფიქრია მისი დატოვება. წლების განმავლობაში სთავაზობდნენ, რომ მომვლელთან ჰყოლოდა, ასევე განეხილა ევთანაზიაც, თუმცა ბერნადეტმა ამაზე მტკიცე უარი თქვა.

წყვილს ორი ვაჟი, ლორენი და ფრედერიკი ჰყავს.