ავტორი:

"შვილის გარდაცვალებიდან ორი წელში, ისევ წავედი ემიგრაციაში... ახლა ლაშიკოს დამსახურებით დავბრუნდი" - რას ჰყვება ლაშა ბექაურის ბებია ჩემპიონ შვილიშვილსა და საკუთარ რთულ ცხოვრებაზე?

"შვილის გარდაცვალებიდან ორი წელში, ისევ წავედი ემიგრაციაში... ახლა ლაშიკოს დამსახურებით დავბრუნდი" - რას ჰყვება ლაშა ბექაურის ბებია ჩემპიონ შვილიშვილსა და საკუთარ რთულ ცხოვრებაზე?

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ბებოს, რომელმაც 17 წელი ემიგრაციაში გაატარა, დანაპირები შეუსრულა - ჩემპიონი გახდა და ბებო ოჯახში დააბრუნა. ქალბატონ ეთერ წიკლაურთან ინტერვიუ ჟურნალმა "თბილისელებმა" ჩაწერა, რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ:

- სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ ბედნიერების გამოსახატავად. თუმცა, სანამ მოიგებდა, მაშინ უფრო დიდ განცდებში ვიყავი, ახლა თითქოს ბოლომდე ვერც ვიაზრებ, რაც მოხდა. როცა ლაშიკო ჭიდაობს, ისე ვნერვიულობ, ეკრანს ვერ ვუყურებ, არ შემწევს ძალა და ნებისყოფა, ცუდად ვხდები. მერე, როცა "ფეისბუკზე“ შედეგები იდება და ტელეფონზე ზარები შემოდის, ვხვდები, რომ მოიგო. თუ არ მოიგო, არც არავინ დამირეკავს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, არავისი არ მჯერა, სანამ თვითონ ლაშიკო არ დამირეკავს და არ მეტყვის: ბებო, ხარ ახლა ბედნიერი?! ამ შეკითხვას ველოდები ხოლმე და მერე ვწყნარდები. "ნუთუ მართლა?!“ - ამას ვფიქრობდი, როცა ოლიმპიადიდანაც ამ სიტყვებით დამირეკა. მანამდეც დამირეკეს - ეს რა ბედნიერებაა, ცალი ხელით მოიგოო და ვერ ვიყავი კარგად, ვერ დავიჯერე. სხვებმა უფრო გაითავისეს ეს გამარჯვება და ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის. ეს ხომ მარტო ერთი ადამიანის წარმატება არ არის, მთელი საქართველოს გამარჯვებაა და საკუთარი სამშობლო ყველას უყვარს, ამიტომაც ყველას უხარია.

- როდის მიიყვანეთ სპორტზე?

- ექვსი-შვიდი წლიდან დაიწყო. მამამისმა მიიყვანა, რადგან თვითონაც სპორტის დიდი მოყვარულია. ლაშიკოს თავიდან დიდად არ მოსწონდა. მაგრამ პირველად რომ გაიმარჯვა და მედალი ჩამოჰკიდეს, ისეთი სტიმული მიეცა, მას შემდეგ სულ ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა გამარჯვებისთვის.

- თქვენ როდის წახვედით ემიგრაციაში?

- 2003 წელს წავედი. სამი ობოლი გავზარდე, ვასწავლე - ბიჭმა სასოფლო დაამთავრა, ლაშას დედიკომ ფიზიკა-ინფორმატიკის მიმართულება, პატარამ - საექთნო. 90-იან წლებში ძალიან გვიჭირდა სტუდენტების შენახვა. ეს წლები ყველასთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სანამ სწავლას არ დაამთავრებდნენ, მანამდე ვერ დავტოვებდი და რომ მორჩნენ, მერე წავედი ემიგრაციაში. მერე უფროსმა გოგომ ოჯახი შექმნა, ჩემს ბიჭს სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ მჯდარა, საქმე სულ ჰქონდა და ოჯახის მარჩენლის როლს ასრულებდა. საუბედუროდ, 2007 წელს ავარიით გარდამეცვალა. ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და ორი წელი აქ ვცხოვრობდი. მეორე გოგო საბერძნეთში მყავდა თავის ოჯახით. შვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, გადავწყვიტე, ისევ წავსულიყავი, მაშინ ასე იყო საჭირო. ახლა ლაშიკოს დამსახურებით დავბრუნდი. მას ძალიან უყვარს დიდი ოჯახი, ყველა ერთად რომ ვართ, ბედნიერია. ახლა მოდის და სულ მეფერება, - რა ბედნიერებაა, არ მჯერა, რომ ჩვენთან ხარო.

- პირობა მოუცია თქვენთვის, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები და სახლში დაგაბრუნებო. ეს როდის მოხდა?

- სამი წელია, ამას მეუბნება, შენ უნდა ჩამოგიყვანოო და აასრულა. ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ მისი მჯეროდა. რამეს რომ ჩაიფიქრებს, გამოსდის. ამ ოლიმპიადაზე იმხელა განცდა მქონდა, არ ვიცი, რა სახელი დავარქვა. რომ ვფიქრობ, ახლაც არ მჯერა. ექიმიდან ექიმთან გადადიოდა, ხელი ტრავმირებული ჰქონდა და უფრო მეტად ამის გამო ვნერვიულობდი.

- როგორი იყო ცხოვრება ემიგრაციაში?

- ემიგრაციაში ცხოვრება არავისთვის არის მარტივი. იქ ისეთ რამეს რომ ვხედავდი, რაც აქ არ მქონდა ნანახი, საკუთარი თავის მშურდა, საკუთარი თვალების მშურდა, იმიტომ, რომ მე ვხედავდი და ჩემი შვილები - ვერა. არ მინდოდა, რამე კარგი დამენახა ჩემი შვილების გარეშე. საერთო ჯამში 17 წელი გავატარე ემიგრაციაში. თუმცა საბუთი მქონდა და ჩამოვდიოდი ხოლმე, ზოგჯერ ექვსი თვითაც დავრჩენილვარ.

შვილის დაღუპვის შემდეგ საერთოდ აღარ ვფიქრობდი იქ წასვლაზე, მაგრამ ყოველდღე რომ გავდიოდი საფლავზე, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იცვლება, საფლავზე იჯდები, სახლში თუ სხვა ქვეყანაში-მეთქი?! ასე იყო საჭირო და ისევ წავედი, მაგრამ პირველად ძალიან გამიჭირდა. სადაც მუშაობას დავიწყებდი, ყველგან საფლავებს ვეძებდი, რომ გავსულიყავი და ერთი ყვავილი მიმეტანა. საბერძნეთი ქრისტიანული ქვეყანაა, ბევრი საერთო გვაქვს, მცირედი სხვაობებით. საბედნიეროდ, ქართველებს გვქონდა ეკლესია ქართველი მამაოებით, სადაც ისინი წირვას ატარებდნენ. მაგრამ სადაც არ უნდა იყო, შენი სამშობლოსა და სახლის გარეშე ძალიან რთულია. წაიკითხეთ სრულად