ავტორი:

სემეკში ევროკავშირის დაფინანსებით „თვინინგის“ მე-4  პროექტი დაიწყო

სემეკში ევროკავშირის დაფინანსებით „თვინინგის“ მე-4  პროექტი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტი - „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დაიწყო. პროექტის გახსნის ცერემონია დისტანციურად გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემეკის, საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე მთავარი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ასევე ავსტრიისა და გერმანიის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა, რომელიც პროექტს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან.

მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივოვბაა 27 თვე და ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სატარიფო სისტემის რეფორმის საფუძველი გადაცემისა და განაწილების სისტემის ოპერატორებისათვის ტარიფების გაანგარიშების მიზნით, შეიქმნება საცალო ბაზრებზე წამახალისებელი სქემები მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის, შემუშავდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ჩარჩო, ყურადღება გამახვილდება განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სემეკის როლის გაძლიერებაზე.

„ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს თვინინგის ახალ პროექტს, რომელიც ევროკავშირის გამოცდილებისა და სტანდარტების საფუძველზე დახმარებას უწევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ენერგეტიკის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი წარმატებული, გრძელვადიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ავსტრიელი, გერმანელი და სხვა ევროპელი ექსპერტები იმუშავებენ ქართველ კოლეგებთან ერთად განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მოხდეს ქართველი მომხმარებლისთვის სუფთა და კონკურენტული ფასის მქონე ენერგიის მიწოდება.” – განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა პროექტის გახსნის ცერემონიაზე.

„მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ დაძმობილების პროექტის სპეციფიკა ითვალისწინებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მიერ, პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ შეძენილი გამოცდილება ემყარება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით ხდება თითოეული საკითხისა თუ პრობლემის შესწავლა. ამ ინსტრუმენტის მნიშვნელობას სემეკისათვის ადასტურებს ისიც, რომ ეს პროექტი უკვე მეოთხე დაძმობილების პროექტია, რომელსაც სემეკი ახორციელებს. მისი წარმატებით განხორციელების მოლოდინი მაქვს“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

„როგორც პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან, მოხარული ვარ, რომ გუნდში საკმაოდ გამოცდილი ექსპერტები გვყავს, რაც უმთავრესია ნებისმიერი პროექტის წარმატებისათვის - ავსტრიის მარეგულირებელი -E-Control-ი კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი პარტნიორია და გერმანიისა და ლიტვის მარეგულირებელი ორგანოს ექსპერტებთან ერთად გვეხმარება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებაში. დაძმობილების მე-4 პროექტის თემატიკაა ქსელური ტარიფების მეთოდოლოგიები, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა მარეგულირებლის უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული საკითხები უმნიშვნელოვანესია ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესში“, - განაცხადა სემეკის წევრმა და პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ფანგანმა.

NS