ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ტეტოვოს ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
"ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით, 10 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ძალიან სამწუხარო დღეა", - დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა ვენკო ფილიპჩემ "ტვიტერზე“.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება 1 საათზე ნაკლებ დროში შეძლეს.
ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი პაციენტი იმყოფებოდა საავადმყოფოში ხანძრის დროს.
ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვანი მატება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო. ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 701 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა. ჩრდილოეთ მაკედონიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 180 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 6 000-ზე მეტი ადამიანი.