ავტორი:

"რეანიმაციაში რჩება 365 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელი იკლებს" - თამარ გაბუნია მედიკამენტების დეფიციტზე, მოზარდების ვაქცინაციასა და ე.წ. "მიუ" შტამზე

"რეანიმაციაში რჩება 365 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელი იკლებს" - თამარ გაბუნია მედიკამენტების დეფიციტზე, მოზარდების ვაქცინაციასა და ე.წ. "მიუ" შტამზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალურ და პირველადი ჯანდაცვის სფეროებზე დატვირთვა შემცირდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 6000-ზე მეტი პირი, თუმცა აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობა შემცირდა.

,,საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება 365 ადამიანი და 6000-ზე ოდნავ მეტი პირია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, მაგრამ ზოგადად მცირედი შემსუბუქება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით შეინიშნება, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, რადგან საერთო რაოდენობა აქტიური შემთხვევებისა შემცირდა და 33000 აქტიური შემთხვევაა დილის მდგომარეობით ქვეყანაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ე.წ. „მიუ“ შტამი, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და ყველა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის დაკვირვების საგანია და შესაბამისად, საქართველოც დაკვირვების რეჟიმშია.

„რისკები მას თეორიულად შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა, ეს უფრო მაღალი იქნება თუ უფრო ნაკლები „დელტა“ და სხვა შტამებთან შედარებით, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს, „მიუ“ და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით არის ვაქცინაციის აუცილებლობა. რაც სწრაფად მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია, ინდივიდუალურ ქვეყნებში, ასევე გლობალურად ეს არის მთავარი გადარჩენა. დაშვება არის, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის, მათი ბუნებიდან და ტექნოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არის ეფექტური. მთავარია სწრაფი ვაქცინაცია. ახალი შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ძალიან რთულია ამაზე ახლა, ამ ეტაპზე საუბარი. მთავარი დაცვა არის ის, რომ ახალ შტამს დახვდეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში იმუნური ძლიერი ფენა. ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და გაფართოება 60-ის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. იმიტომ, რომ ახალი შტამი „მიუ“ იქნება თუ რამე სხვა გადავიტანოთ და დავხვდეთ მას მაქსიმალური დაცვით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც 2 კვირის წინ ბევრად მაღალი ტესტირების მაჩვენებელი დღეს შემცირებულია, გაბუნია პასუხობს, რომ აღნიშნულ საკითხზე სრულიად სპეკულაციური განცხადებები კეთდება.

“32 000 ტესტი ჩატარდა ამ დილით, იმავე მაჩვენებელზეა გაჩერებული ბოლო პერიოდის განმავლობაში. ტესტების ჩატარების პრაქტიკა არანაირად არ შეჩერებულა. რაც შეეხება, მანიპულირების მცდელობას, ეს ყველაფერი სრულიად სპეკულაციური განცხადებაა, რადგანაც ძალიან მარტივია იმის ახსნა და დადასტურება, თუ რეალურად რამდენ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ამაზე მიუთითებს დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია, ამაზე მიუთითებს ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების შემცირება.

დღეს 2 000-ზე მეტი თავისუფალი საწოლია, ამდენად ჩვენ კონკრეტულ ფიზიკურ პირზე ვსაუბრობთ, რომელიც ვერსად ვერ დაიმალება, რაც არ უნდა მანიპულირების სურვილი ჰქონდეს რომელიმე უწყებას“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის რაოდენობამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაიკლოს და კარგი იქნება, თუ ვაქცინირებულებს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც წაახალისებენ.

„პირველ რიგში, ისევ და ისევ არის საგანმანათლებლო კამპანია, რომ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ყველამ ბევრი ვისაუბროთ. დამატებითი სტიმული მნიშვნელოვანია და როგორც იცით, იგეგმება ლატარიის გათამაშების დაწყება ვაქცინირებული პირებისთვის მომდევნო კვირიდან. ვფიქრობთ, გარკვეულწილად დადებითი სტიმული ესეც იქნება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის. პირველად დოზებზე მიმართვიანობა შემცირებულია, თუნდაც გუშინდელთან შედარებით, გუშინწინ იყო 27 ათასი აცრა, გუშინდელი მონაცემები არის 24 ათასი. ვაქცინაციის რაოდენობა არცერთ შემთხვევაში კლებადი არ უნდა იყოს. ჩვენ დღეს ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ აუცილებლად გვჭირდება მხოლოდ მატების ტენდენცია და ის, რომ ავიდეთ 35-40 ათას აცრამდე. ვნახოთ დამატებითი ღონისძიებები რამდენად ეფექტური აღმოჩნდება. თუ დამატებით დაგვჭირდება მობილიზება, უნდა ჩავერთოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზება და ყველას თანაბარი ჩართულობა, სამოქალო სექტორის, ბიზნეს სექტორის. ბიზნეს სექტორის მხრიდანაც კარგი იქნება, თუ წამახალისებელი სტიმული წამოვა. ვფიქრობ, ესეც გააქტიურებს ვაქცინაციაში მოზიდის მაჩვენებელს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ამჟამად 13 ავტობუსი მოძრაობს თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, სადაც მოსახლეობას ცრიან.

„ყველაზე დაბალი დატვირთვა აქვს მაგალითად, საბურთალოში მოძრავ ავტობუსს, რაც გასაკვირი არც არის, რადგან საბურთალოზე ძალიან ბევრი ამცრელი დაწესებულებაა. ამდენად, ასეთი ავტობუსი გადანაცვლდება სხვა მეტად დატვირთულ ლოკაციებზე, სხვა ადგილებში, სადაც ავტობუსები მოძრაობენ, დღის განმავლობაში აცრების რაოდენობა მერყეობს სულ მცირე 51-დან 95-მდე. იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებია ამცრელი ცენტრები, მოსახლეობა აფასებს იმ შესაძლებლობას, რომ შეუძლია მოძრავ ამბულატორიაში აიცრას. დამატებითი ავტობუსების გამოყოფის საჭიროება ნამდვილად არ არის, რადგან 600-ზე მეტი ამცრელი პუნქტი არის დღეს ქვეყანაში. ის, რომ მეტად რაციონალურად შევცვალოთ მოძრაობის ტრაექტორია იმ ავტობუსების, რომელიც უკვე გამოყოფილია, ამას რა თქმა უნდა, განვიხლავთ. სადაც არ არის დატვირთვა, იმ ავტობუსის გადანაცვლება მოხდება იქ, სადაც მეტი მოთხოვნაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია ასევე გამოეხმაურა ვახტანგ კალოიანის განცხადებას, რომ აჭარაში „ტოცილიზუმაბისა” და „რემდესივირის“ საწყობი არ არის და მის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია.

მისივე თქმით, „რემდესივირის“ გაცემის საკითხს თბილისში არსებული კლინიკური ჯგუფი ხელმძღვანელობს. მანვე აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის გარკვეული რაოდენობა აჭარაშიც გაიცემა, რათა მისი მიწოდება პაციენტებისთვის მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდეს.

“რემდესივირის“ ახალი რაოდენობის შესყიდვაზე სამინისტრო მუშაობს. ამ დროისთვის ქვეყანაში ამ პრეპარატის რაღაც ნაშთი ისევ არსებობს და მის გამოყენებას საქართველოში ჩვეულებრივ გავაგრძელებთ.

რაც შეეხება „ტოცილიზუმაბს“, მასთან დაკავშირებით მოწოდება ხორციელდება „როშეს“ მიერ და მისი ნაწილდება იმ კლინიკებში, რომლებშიც ამ პრეპარატს პანდემიის დაწყებისთანავე იყენებდნენ. მათ თავიდანვე შეკვეთილი ჰქონდათ ეს რაოდენობა. სამინისტრო ფასილიტაციის სახით ერეოდა და თმობდა ამ მედიკამენტს იქ, სადაც დიდი საჭიროება იყო. მაგალითად, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რესპუბლიკურმა საავადმყოფომ აღნიშნული პრეპარატი თავისი მარაგიდან გადასცა აჭარას, რაც წინასწარ შეკვეთის სახით მას არ განუხორციელებია“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში „ტოცილიზუმაბის“ ტემპი და რაოდენობა ახლო მომავალში გაიზრდება და მისი დეფიციტი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება.

„ტოცილიზუმაბის სხვადასხვა მომწოდებლებიც გამოჩნდა, რადგან „როშესგან“ სხვა მწარმოებლებმაც მიიღეს ავტორიზაცია, რათა გლობალური დეფიციტის პირობებში აღნიშნული წამლის მიწოდება უფრო გააქტიურდეს. მედიკამენტი განაწილებულია რამდენიმე კლინიკაში, თავისუფალ გაყიდვაში ის არ არის. თუკი აუცილებელი საჭიროება არსებობს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტმა მიიღოს ეს მედიკამენტი.

ამ მედიკამენტის მიწოდებაც და გამოყენება უნდა მოხდეს კლინიკურ სივრცეში და ზედმეტი ფორიაქი იმასთან დაკავშირებით, რომ დეფიციტურია, საჭირო არ არის. ყველა პაციენტი, რომელსაც სჭირდება „ტოცილიზუმაბი“, მის გარეშე არ დარჩება. მოკლე ხანში მოწოდების პერსპექტივები უკვე გამოიკვეთა და ის დეფიციტი, რომელიც გლობალურ ბაზარზეა, ჩვენს პაციენტებს არ უნდა შეეხოს.

“ტოცილიზუმაბის” მარაგი რეგიონებში განაწილებული არ არის. ის, ძირითადად, არის თბილისის კლინიკებშია, რამდენიმე ქუთაისის საავადმყოფოშია. მაგალითად, აჭარაში ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტს ის დასჭირდა და თბილისიდან ძალიან სწრაფად მივაწოდეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სასწავლო პროცესის დაწყების შესახებაც ისაუბრა და როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრამდე სიტუაცია კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, რათა ბავშვებს სასწავლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„ტენდენცია ისეთია ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ ვფიქრობ, 4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს. ამას კიდევ უფრო აძლიერებს პედაგოგებისა და სკოლის კოლექტივის აცრის კარგი და მაღალი მაჩვენებელი. 4 ოქტომბრამდე ჩვენ დაახლოებით 3 კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდეს და ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში. ვფიქრობ, წინასწარი პროგნოზით სწავლის განახლება ყველა წესის დაცვით და ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით მოხდება", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთანავე, გაბუნიას განმარტებით, მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ იმსჯელა.

„ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით, ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაობრივ ჯგუფში, 16 წლიდან ჩვენც უკვე ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაცია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, მომავალ კვირაში შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ უკვე, შეიქმნა პრეცედენტები იმის, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრა 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, შესაძლოა ამ ჯგუფთან მიმართებით უფრო ადრე იქნას მიღებული გადაწყვეტილება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.