ფრანგულ გაზეთ "ლე მონდში" (Le Monde) გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "შვეიცარიის ალპებში მდებარე ლაბორატორია კორონავირუსების გლობალური საცავი იქნება" (ავტორი - სერჟ ენდერლენი), რომელშიც საინტერესო ფაქტია გადმოცემული, ბერნიდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ შპიცში კორონავირუსების ე.წ. "საწყობის" შექმნის თაობაზე.
გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:
"ცენტრალური შვეიცარიის მშვიდ, წყნარ ქალაქ შპიცთან მდებარე ტბასთან, რომელშიც ლაჟვარდოვანი ცა ირეკლება, "ხავერდოვანი სეზონის" მოყვარული ტურისტების სიმრავლეა. მათ არ იციან, რომ ტბის ნაპირზე არსებული, 1970-იან წლებში აგებული ბეტონის შენობა, რომელსაც მრავალრიგიანი მავთულხლართები და შვეიცარიის არმიის ქვედანაყოფები იცავს, "კოვიდ-19"-ის გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ფრონტს წარმოადგენს. აქ პანდემიისათვის პასუხის გაცემა უნდა მომზადდეს", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი წერს, "მიმდინარე წლის 24 მაისს შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრმა ალენ ბერსემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს გებრეისუსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის შესაბამისად, შვეიცარია ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო უწყებას ქალაქ შპიცთან ახლოს მდებარე ლაბორატორია "P-4"-ს გადასცემს, BioHub-ის პროგრამის რეალიზების მიზნით. ეს ობიექტი გაეროს მიერ არის აკრედიტებული სპეციალური მიზნებისათვის, ახლა კი, საბოლოოდ, მისი მფლობელი ჯანმო გახდება და იქ ყველა კორონავირუსი და მათი ვარიანტები (შტამები) შეინახება. და არამარტო კორონავირუსები: "ჩვენ იმ ყველა პათოგენებს მივიღებთ შესანახად, რომლებსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს და რომლებსაც სახელმწიფოები თავიანთი ნებით გადმოგვცემენ", - განმარტავს ანდრეას ბუხერი, ლაბორატორიის წარმომადგენელი, - "იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ლაბორატორიიდან შესაძლებელი იქნება ნიმუშები სხვა აკრედიტებულ ლაბორატორიებს გადაეცეთ, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულნი. განხორციელდება კვლევითი სამუშაოების ცენტრალიზება მომავალი პანდემიების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის მიზნით".
სტატიაში გადმოცემულია ლაბორატორიის შექმნის ისტორიაც:
"საიდუმლო ლაბორატორია "P-4" დაარსდა 1923 წელს, პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული მომწამლავი გაზების ეფექტის განეიტრალების მიზნით, შემდეგ მისი პროფილის არეალი გაფართოვდა - "ცივი ომის" დროს ლაბორატორიაში დაიდგა ისეთი აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ატმოსფეროში რადიონუკლიდების დაფიქსირება შეიძლებოდა. აპარატურა 1986 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში და მას შემდეგ უწყვეტად დაიწყო ატმოსფეროს მდგომარეობის კონტროლი მასში რადიონუკლიდების შემცველობის გაგების მიზნით. სხვათა შორის, 1987 წლის აპრილის ბოლოს, ევროპაში პირველმა, სწორედ "P-4"-მა დააფიქსირა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში რაღაც მოხდა", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, შპიცის ლაბორატორიაში თავის დროზე გამოკვლეული იქნა როგორც სირიის დიქტატორის - ბაშარ ასადის არმიის მიერ გამოყენებული ქიმიური იარაღის ნიმუშები, ასევე - დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს მიერ გამოყენებული მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკიც"... "ალბათ, სწორედ ამიტომ ლაბორატორიის კომპიუტერული სისტემა რუსეთის დაზვერვის აგენტების ყურადღების ქვეშ მოქცა: ისინი შეეცადნენ მასში შეღწევას, თუმცა - უშედეგოდ.
მაგრამ ყველაზე მეტად ლაბორატორიის მკვლევრებს "კოვიდ-19" აშფოთებთ. 1920 წლიდან დაიწყო კორონავირუსის კვლევა, მომზადდა პირველი ტესტი Sars-COV-2-ის დიაგნოსტიკისათვის, შესწავლილი იქნა პირბადეებისა და ფილტრაციული აეროზოლების ეფექტი ვირუსის წინააღმდეგ. რაც შეეხება ჯანმოს მიერ შემუშავებულ BioHub-ის პროგრამას, მისი რეალიზების პროცესში ყოველი ახალი პათოგენი ლაბორატორიაში იქნება გადაგზავნილი, განხორციელდება მისი თვისებების აღწერა, დარეგისტრირება და ვირუსების "ბიბლიოთეკაში" შენახვა.
"ყველა პათოგენის ერთ ადგილზე შენახვით ჩვენ შეგვიძლია დრო მოვიგოთ მომავალი ეპიდემიებისაგან თავის დასაცავად, რომლებიც შეიძლება უფრო უარესები იყოს, ვიდრე - "კოვიდ-19", - ამბობს მარკ კადიში, შპიცის ლაბორატორიის დირექტორი, - "BioHub-ის სისტემა აჩქარებს ინფორმაციებისა და შტამების გაცვლა-გამოცვლას პარტნიორულ ლაბორატორიებს შორის და, შესაბამისად, უფრო სწრაფი ხდება სამედიცინო ზომების შემუშავება სამომავლო პანდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად".
როგორ დგას ლაბორატორიასთან დაკავშირებული რისკების საკითხი მოსახლეობასთან მიმართებით? წაიკითხეთ სრულად