ავტორი:

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს.

აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს დროებითი მოთავსების იზოლატორთან განუცხადა.

ბრალი, რომელიც რაფაელ მურსაკულოვს წარდგენილი აქვს, საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯადობას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა პოზიცია სასამართლო პროცესზე მას შემდეგ უნდა დააფიქსიროს, როცა სასამართლო კონკრეტული კითხვით მიმართავს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და მისი დაკავებით გაოგნებულია.

არაოფიციალური ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი წარსულშიც ნასამართლევი იყო, მას ქურდობას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.