ავტორი:

შეძლებენ თალიბები ავღანეთის მართვას? - უთანხმოებაა თვითონ "თალიბანის“ რიგებშიც

შეძლებენ თალიბები ავღანეთის მართვას? - უთანხმოებაა თვითონ "თალიბანის“ რიგებშიც

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის "დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "შეძლებს "თალიბანი“ ავღანეთის მართვას?“, რომელშიც ამ დღეებში შექმნილი ქვეყნის მთავრობის პერსპექტივაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"თალიბანმა“ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან სამი კვირის შემდეგ, ქვეყნის დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა. იბადება კითხვა - შეძლებენ ავღანეთის მართვას თალიბები?

როგორც "დოიჩე ველე“ აღნიშნავს, თალიბებს ავღანეთის მართვა გაუჭირდებათ - იმიტომ, რომ მათ ჯერ განაცხადეს, მთავრობა ინკლუზიური იქნებაო (ანუ მასში ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ძირითადი ხალხის წარმომადგენელს შეიყვანდნენ) მაგრამ მათ დაპირება არ შეასრულეს: აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო მხოლოდ პუშტუნური გამოვიდა. როგორც ჩანს, თალიბებში საკუთარმა წარმომავლობის ფაქტორმა იმძლავრა - ისინი ეთნიკურად პუშტუნებს მიეკუთვნებიან. სრულიად ბუნებრივია, რომ მრავალეროვნულ ავღანეთში ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია პროტესტი.

უფრო მეტიც - უთანხმოებაა თვითონ "თალიბანის“ რიგებშიც. სანამ თალიბები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ისინი ერთობლივი ძალით მოქმედებდნენ, მაგრამ ახლა მათგან ზოგიერთი ლიდერი შედარებით უფრო ზომიერი, ლოიალური პოლიტიკის გატარებისაკენ იხრება, სხვები კი რადიკალური ისლამური ფუნდამენტალიზმის მომხრეებად რჩებიან.

თუმცა ეს მხოლოდ ერთდერთი პრობლემა არ არის: ყოფილი ავღანელი დიპლომატის აჰმად საიდის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თალიბები შეძლებენ და თავიანთ რიგებში ერთიანობას შეინარჩუნებენ, ასევე თავიდან აიცილებენ საერთაშორისო სანქციებს, ქვეყნის მართვა მათთვის ძნელად შესასრულებელ ამოცანად დარჩება:

"თალიბანის“ მთავრობის წევრები - მინისტრები - გაუნათლებელ პიროვნებებს წარმოადგენენ და სახელმწიფოს მართვაზე წარმოდგენა არ აქვთ, არ იციან როგორ უნდა იმუშაოს ქვეყნის მთავრობამ. თანაც ზოგიერთი მინისტრი ჯერ კიდევ გაეროს მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ არის და სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკების მიზნით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა არ შეუძლიათ“, - ამბობს აჰმად საიდი.

თალიბებმა საერთოდ გააუქმეს ქალების საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ, რაც ქაბულსა და ზოგიერთ ქალაქში ქალთა საპროტესტო აქციები ჩატარდა მათი უფლებების დაცვის მიზნით. დროებით მთავრობაში, ბუნებრივია, არცერთი ქალი არ შედის, რადგან, თალიბების აზრით, სახელმწიფო სამსახური ქალების საქმე არ არის. გარდა ამისა, განზრახულია აიკრძალოს ქალების მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ