ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს ხვალ წაუყენებენ. 49 წლის შალვა მელიქიშვილთან ცოტა ხნის წინ ადვოკატი იმყოფებოდა.
ლეილა გარსევანიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის მოტივზე და სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან მშვიდად გამოიყურება, არაფერზე ღელავს. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერაფერს გეტყვით, ჩემთან არაფერი გამოუხატავს. რაც შეეხება იმას, აღიარებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ასევე არ გვისაუბრია მის ფინანსურ პრობლემებზე, ვერაფერს გეტყვით. არც მიკითხავს, არც თვითონ უთქვამს", - ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მელიქიშვილი ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გუშინ დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.