ჩვენ, "ქართულ ოცნებას" გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვაზე ვზრუნავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი მმართველი ხელისუფლების პირობებში, არის სწორედ გამონაკლისი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი.
"ჩვენ ვაცნობიერებთ ყველაფერს, ამ ხარვეზებს, ასე ვთქვათ შეცდომებსაც და მივდივართ წინ და ვმართავთ ქვეყანას ისე, რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი საყვარელი სამშობლო. ასევე მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არის სწორედ გამონაკლისი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. "ქართულმა ოცნებამ" დაასრულა მრავალწლიანი ომებისა და შიდა არეულობის ეპოქა, ჩვენ დროს აღარ ყოფილა არც ომი, არც შიდა არეულობა არც დაპირისპირება, არც რაღაც ფართომასშტაბიანი კონფლიქტები. ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დამსახურება.
რაც შეეხება ტურიზმს, ვიმყოფებით რა ამ უნიკალურ ადგილას, მართლაც საოცარ ადგილას, ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა და გამორჩეული ადგილი არის თითოეული ქართველისთვის, სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ ვარძიის რეაბილიტიაცია სრულად დააფინანსა ფონდმა "ქართუმ" და ბიძინა ივანიშვილმა და ეს პროცესი გრძელდება. თითოეულ მუნიციპალიტეტში, მეგობრებო, ჩემი დავალებით ახლა ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ამუშავებს სპეციალურ პროექტებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული და ახალი ტურისტული ლოკაციების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი ცენტრების შექმნა მოვახერხოთ. ამ პროცესს ჩვენ დავიწყებთ უახლოეს თვეებში, თითოეულ რეგიონზე იქნება მორგებული როგორც მოგახსენეთ ეს პროექტები და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების ნაკადს, რაოდენობას როგორც შიდა დამსვენებლების ასევე უცხოელი ტურისტების მეტი რაოდენობა ჩამოვა და ნახავს იმ უნიკალურს სილამაზეს და ადგილებს, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი ჩაატარებს ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივა არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გაიმარჯვებს ძლიერად და გააგრძელებს ქვეყნის მშენებლობას.
„მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი, იდეალურები, არა, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმით, ჩვენი ჰუმანურობით, ჩვენი სწორი, პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით დავამტკიცეთ და ვუჩვენეთ ჩვენს ხალხს, რომ შეგვიძლია მართვა სწორად, დემოკრატიულად და ჰუმანურად და არა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით და ათასი უბედურებით, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა და ომებით და ტერიტორიების დაკარგვით. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ. „ქართულმა ოცნებამ" მოსვლის დღიდან გახსნა ბაზრები. გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი იყო დაკეტილი, ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდიდნენ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ამ დროს, ძალიან დიდი ბაზარია და მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ჩვენ მოვახერხეთ და გავხსენით ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ეს ბაზარიც. გავხსენით ევროკავშირის ბაზარიც, 500-მილიონიანი უზარმაზარი ბაზარი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ უვიზო რეჟიმი. ევროკავშირში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი პასპორტით, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადაადგილდება. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენმა მშრომელმა ხალხმა ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს და კარგად აითვისოს ყველა ის სიკეთე, რაც ამ ბაზრების აგხსნით არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ახლა ჩავატარებთ ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივალთ არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ამიტომ, მეტი საქმე, მეტი პროგრესი, მეტი განვითარება უნდა მოვუტანოთ ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნინოწმინდაში ბევრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელთა პრივატიზება და დამუშავება უნდა მოხდეს.
„ნინოწმინდაში მართლაც უნიკალური სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგყავთ, თქვენი შრომით, თქვენი მშრომელი ხელით. აქ არის ძალიან დიდი მიწები, მათ შორის ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს, მოხდეს პრივატიზება და დამატებითი ღირებულება შეიქმნას ამ მიწაზე, მეტი დოვლათი შეიქმნას, მეტად გაძლიერდეს თქვენი ოჯახები, ეს მხარე და ეს ქალაქი. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ბიზნესთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, ჩვენ თვითონ გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი სახელმწიფო და ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი მოსახლეობა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ გზები, ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობა და გაზმომარაგება, რომ ყველა ქალაქში და სოფელში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება. ის გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ, პასუხობს ამ გამოწვევას, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში - სიღარიბე და უმუშევრობა. ამ გეგმის მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად, ყოველწლიურად მივუახლოვდებით იმ დიდ მიზანს, როცა ქვეყანაში დაძლეული იქნება სიღარიბე და უმუშევრობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და საქმე და არა უაზრო დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის, უაზრო დებატები და პოლიტიკური ბატალიები. ჩვენ აღარ გვჭირდება, ხალხი დაიღალა ამდენი პოლიტიკური შოუებით და უსაგნო, უსაფუძვლო საუბრებით. ჩვენ გვჭირდება განვითარება, ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ მშვიდობას და სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, განვითარება შევა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.