"მე არ ვიცი, ვინ არის ამ ობიექტების პატრონი და მესაკუთრე, მაგრამ 2022 წლიდან მათი აღდგენის სამუშაოები უნდა დაიწყოს", - ასე ეხმაურება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, აფხაზეთში საბჭოთა კავშირის წლებში აშენებული, ახლა კი, დანგრევის პირას მისული შენობების აღდგენის საკითხს.
"სარეაბილიტაციო" შენობების ჩამონათვალს შორის არის გაგრის სავაჭრო კომპლექსი, ერთ დროს ხალმხრავალი სასტუმროები - "სოხუმი", "აფხაზეთი", "თბილისი", სანატორიუმი "გილოვანი", რესტორანი "ამრა" და "ელბრუსი", ტანსაცმლის მაღაზია, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობა (ЗакВО) და სხვები.
ბჟანიას ცნობით, მან "მთავრობასთან" უკვე გადაწყვიტა ნგრევის პირას მისული ობიექტების აღდგენის საკითხი, შესაბამისად, "დაინტერესებულ პირებს" რამდენიმეთვიანი ვადა მისცა მათი აღდგენისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამბობს, რომ "ხელმძღვანელობა" თავად შემოიყვანს ინვესტორებს. "მე არ ვიცი, ვინ ფლობს დროებით, სიტყვიერად, თუ კანონიერად ამ შენობებს, მაგრამ ინვესტორების ძებნა უკვე დაწყებულია და 2022 წლიდან მათი აღდგენა დაიწყება ვიდრე გვიანი არ არის... თუ ეს ვერსია არ მოგწონთ, თავად იპოვეთ უახლოეს დროში მფლობელები, ასევე ის პირები, ვინც მას იქირავებს, აღადგენს და ამუშავებს, ჩვენ თანახმა ვართ ამაზე. სახელწიფო ბიუჯეტში ამისთვის საჭირო ფული რომ არ გვაქვს, ყველამ ვიცით და შესაბამისად, პირობებს უნდა მოვერგოთ", - განაცხადა ბჟანიამ,
"მუდმივად მადანაშაულებენ, რომ მდიდარ უცხოელ ბიზნესმენებს ვლობირებ. დიახ, მე გავუწევ ლობირებას ჩემი მოქალქეეების ინტერესებს. ქვეყნის მართვის ჩემი მცირე გამოცდილება მიჩვენებს, რომ უცხოელი ინვესტორები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენს კანონმდებლობას და მეტსაც ხარჯავენ... ყურადღება მიაქციეთ სანატორიუმ "Росатом-სა" და სოფელ ტამიშში უცხოელების მიერ გახსნილ სხვა ობიექტებს და ისწავლეთ, როგორ კეთდება საქმე", - განაცხადა ბჟანიამ.
არსებული ინფორმაციით, ვის ე.წ. მფლობელობაშიც იყო ესა თუ ის ობიექტი, "თავისი საკუთრება" დაარქვა და სხვას მიკარების უფლებას არ აძლევდა, მას "მსხვილი ინვესტორი" საკმაოდ კარგ კომპენსაციას გადაუხდის.
გუშინ საღამოს გაგრის ცენტრში, ორ ადგილობრივს, ასტამურ ბგანბსა და გიორგი ანქვაბს შორის, უძრავი ქონების გაყოფის ნიადაგზე, სროლა დაიწყო. ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში ატვირთეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან ქალაქის ცენტრში ერთმანეთს. ანქვაბმა ბგანბა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველებმა დაჭრილი გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადგილობრივებს შორის წლების წინ მითვისებული უძრავი ქონება სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ხდება.
მსგავსი ფაქტები ხშირია ქართველების დაკეტილი სახლებისა და ბინების გამოც. ბჟანიას განცხადებას ადგილობრივები გამოეხმაურნენ. abkhaz-auto.ru-ს ფეისბუქგვერდზე ამ პროცესს დიდი შიდა კონფლიქტისა და გარჩევების დასაწყისი უწოდეს.
"იარაღი ყველას აქვს, მაგრამ ახლა მთავარია, ვინ უფრო გავლენიან კრიმინალს მიადგება და რის ფასად შესთავაზებს წილში შესვლას. ძალიან საინტერესო პროცესების მონაწილეები ვხდებით. 2022 წლამდე აფხაზურ ეთნოსს ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგი ემუქრება. ახლა ამოქმედდება მგლური გადარჩევის პრინციპი. სამაგიეროდ, "უცხოელ ინვესტორებს", იგივე რუსებს, სომხებსა და დიდი ალბათობით, ქართველებსაც, აფხაზეთის ლანდშაფტში ფულის საკეთებლად ადგილი გამოუთავისუფლდებათ," - წერს იაგო პკინი.
"ვის ხელში უნდა ჩააგდონ ეს ობიექტები, მართლა და მართლა საით მივდივართ?.. ენერგორესურსებს რუსებს ვაბარებთ, "გაზრპომის" შემოსვლის სანაცვლოდ და ახლა ეს ობიექტებიც უნდა გადავცეთ?! ხალხის შიშით, რაც ვერ გააკეთა ხაჯიმბამ, ღიმილითა და "დამოუკიდებელი აფხაზეთის" ძახილით, ბჟანიამ მოახერხა. ასე მგონია, ანქვაბს უკვე ასაკი ებრძვის, თორემ ასე მშვიდად არ უყურებდა რუსებისა და სომხების აღზევებას", - მიაჩნია ელენა კუციას.
"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ რა გინდათ, რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ერთსა და იმავე ადგილას, თავზე გვენგრევა ყველაფერი, ნარკომანების ბუდედ იქცა ეს შენობები. რატომ ვეჯიბრებით საკუთარ მომავალს. დიახ, მე პირადად, ორი შვილი მყავს და მირჩევნია უცხოელი ინვესტორის მიერ გაკეთებულ ობიექტში ვიმუშაო და სტაბილური შემოსავალი მქონდეს, ვიდრე შვილებს პურის ვერ მივუტანო, რა მოგიტანათ ამ უაზრო აფხაზურმა სიამაყემ?!" - წერს ადგილობრივი ოლეგ სურმიანიძე.
"ძალიან მინდა რესტორანი "ამრა" და სასტუმრო "აფხაზია" აღადგინონ. სოხუმის ცენტრშია და აგურ-აგურ იშლება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ. ვიცი, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და იქნებ, უცხოელმა ინვესტორმა უშველოს", - წერს მარინა ელიავა.
"ვინც არ იცის, გაგრის ნახევარი და მთელი ბიჭვინთა ფულიან სომხებს მიჰყიდეს. მათ, ვისაც ნარკოტიკები შემოაქვს და წარმატებით ვაჭრობს. ტაქსის კომპანიები აქვთ ნაყიდი, რომ კლიენტი სწორ მისამართზე მიიყვანონ, რაც დროს გადის, პოზიციებს იმყარებენ. დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. "აღორძინებულ აფხაზეთში ჩვენი ადგილი არ იქნება, ეს იცოდეთ!", - მიჩნია ირაკლი "სუხუმსკის."