დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ საქართველოში საზოგადოების ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინა გაუკეთდა, თუმცა, არა მასობრივად.
ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის შეცვლა ძლიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის, ან ორსულობის დადგომის გამო ხდება.
"არის ვაქცინის ჩანაცვლების შემთხვევები და ეს მიღებულია. ამიტომ ეს შემთხვევები ჩვენც გვაქვს, რადგან პირველ დოზაზე შეიძლება ადამიანს ჰქონდა ძლიერი გვერდითი მოვლენა, გვერდითი რეაქციები. სამი ანაფილაქსია გვქონდა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში. საბედნიეროდ, ყველა ნორმალურად დამთავრდა. ამ დროს ხდება ვაქცინის ჩანაცვლება. ასევე, ძლიერი ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების დროსაც ხდება ჩანაცვლება. იცით, რომ ჩვენთან მუშაობს იმუნიზაციის შემდგომ გვერდითი მოვლენების კომიტეტი, ის აღრიცხავს სპეციალური ფორმით გართულებებს, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ არის ხოლმე. თუ არის ასეთი შემთხვევა და ექიმი მიიჩნევს, რომ საჭიროა ვაქცინის შეცვლა, ხდება ჩანაცვლება.
ასევე იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ქალი ორსულობამდე "სინოფარმით“ იყო აცრილი და მერე სხვა ვაქცინით ავცერით. არავითარი პრობლემა არ შექმნია არც ერთ პირს, ვისაც სხვა ვაქცინა გაუკეთდა", - განაცხადა გამყრელიძემ.