ავტორი:

სავარაუდოდ, ვიღაც ცდილობს ამ ჩანაწერებით სასულიერო პირების დაშანტაჟებას, რომ მათ იქადაგონ, მხარი დაუჭირონ "ოცნებას" - ზურაბ ჯაფარიძე

სავარაუდოდ, ვიღაც ცდილობს ამ ჩანაწერებით სასულიერო პირების დაშანტაჟებას, რომ მათ იქადაგონ, მხარი დაუჭირონ "ოცნებას" - ზურაბ ჯაფარიძე

ვიცი, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ესაა პოლიტიკური ინსტიტუტი და იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტს იყენებს ძალაუფლების და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ჩანაწერების გავრცელებით, ვიღაც ცდილობს სასულიერო პირების დაშანტაჟებას, რომ ამბიონიდან იქადაგონ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ.

„მე ვიცი, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი და იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტს იყენებს ძალაუფლების და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით. არაფერი ამაში გასაკვირი არ არის და ყველამ იცის, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ისევე, როგორც ზუსტად ვიცი, რომ სუს-ი უსმენს ყველას, - ჟურნალისტებსაც, პოლიტიკოსებსაც, სასულიერო პირებსაც. ამიტომ, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. რატომ გავრცელდა ახლა ეს ჩანაწერები? - ვიღაცა, სავარაუდოდ, ცდილობს ამ ჩანაწერებით იმ სასულიერო პირების დაშანტაჟებას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას, რომ მათ იქადაგონ, მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“. სუს-ის ჩანაწერებია, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციიდან ვიღაცა აკეთებს, სისულელეა. გასაგებია, ვინ აკეთებს და საიდანაც ჟონავს. რატომ გამოუშვეს ახლა და რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, არ ვიცი.

რა უნდა გამოიძიონ? - თავიანთი გაკეთებულია და ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ. საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან, პირველად ხდება ასეთი რამ თუ მეორედ? ეცდებიან, რომ ამისი მნიშვნელობა დაწიონ, რაც შეიძლება დაბლა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ყველაფერი ნორმაშია. იტყვიან, რომ ვიღაცები რაღაცებს იტყუებიან. ტექნოლოგიები განვითარდა და ამათ შესაძლებლობები გაცილებით დიდი აქვთ და გაცილებით უკეთესად იყენებენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდზე და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს ხალხის დაშინებასა და მოსყიდვას.

„ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გაიმარჯვოს, ჩემი აზრით, არარეალურია, არანაირი შანსი არ აქვთ, რომ 40%-ც კი აიღონ, ამას აჩვენებს ყველა კვლევა, მათ შორის მათიც. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ჩვენ გვქონდა ფაქტები, კონკრეტული ინფორმაცია მოგვდის, ფულს როგორ არიგებენ და ფულის სანაცვლოდ ქირაობენ პირადობებს იმ ოჯახებიდან, რომლებზეც არ არიან დარწმუნებული, რომ ისევ მათ დაუჭერენ მხარს. გვქონდა დაშინების ფაქტები, კონკრეტულად პარტიულ სიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ოლქებში, - 10-მდე შემთხვევა გვქონდა, საიდანაც 5 შემთხვევაში შეძლეს დაშინება და გვითხრეს, რომ არ უნდათ პრობლემები შეექმნათ მათი ოჯახის წევრებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.