საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა. საარჩევნო რეჟიმში ვარ, ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე და ქალაქთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.
კალაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებით არის დაკავებული და ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია თუ ინტერესი არ გააჩნია.
„არ ვიცნობ ამ ჩანაწერების დეტალებს, არც ინტერესი არ მაქვს გულწრფელად, რომ გითხრათ. ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ყოველდღიურად ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს მოსახლეობასთან და სასაუბროც ძალიან ბევრი მაქვს. ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, გამოწვევებზე და ასევე იმ განსახორციელებელ პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კალაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
„საპარლამენტო არჩევნებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საერთოდ კავშირში არაა. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მოდის, ეს არის კონსტიტუციით გაწერილი და ჩატარდება 2024 წელს“, - აღნიშნა კალაძემ.