ავტორი:

"წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, "ოცნებამ" დიპლომების დარიგებასაც მიჰყო ხელი... საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს" - რომან გოცირიძე

"წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, "ოცნებამ" დიპლომების დარიგებასაც  მიჰყო ხელი... საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს" - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე, "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, მედალოსანი სპორტსმენები, უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან:

"გზირი - გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციის დაბალი მოხელე, სოფლის მამასახლისის ხელქვეითი. ევალებოდა ბრძანებისა თუ განკარგულების ადგილზე მიტანა და გამოცხადება, ვისიმე გამოძახება და სხვა.

რამ გამახსენა ეს გზირი ახლა... სულხან-საბადან თუ გავიხსენებთ, თორემ სხვა მხრივ ეს სიტყვა ქართულში არც გამოიყენება.“მოსიარულე გზირი”! ღარიბაშვილის წინასაარჩევნო გადაადგილებებს ასე შეიძლება უწოდო. ვისი გზირი და ხელქვეითია, ყველამ იცის. სადაც წინასაარჩევნოდ გაივლის, ან სიცრუეს თესავს ან სისულელეს. ახლა გაგვიცხადა, რომ მედალოსანი სპორტსმენები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, “ოცნებამ” დიპლომების დარიგებასაც მიჰყო ხელი.

თითქოს არაფერი, ორი კინკილა მედალი წელიწადში და ორიოდე უმაღლესში ჩარიცხული. ეს ხომ ზოგადად არაფერს ცვლის? სინამდვილეში ცვლის, მორალურ კლიმატს აზიანებს, საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს. ეს იდეოლოგიური განაცხადია ისედაც არაპროგრესული იდეების მატარებელი ხელისუფლების მხრიდან", - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან.

კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ თემასთან დაკავშირებით, დღეს განმარტებაც გააკეთა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს სპორტსმენებისადმი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან.

ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და დასაფასებელია.

შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარსდგა.

სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე", - განაცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.