ავტორი:

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" ყარაყუმის უდაბნოში - საბჭოელი მეცნიერების შეცდომა და ცეცხლოვან ღრმულში აღმოჩენილი ბაქტერიები

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" ყარაყუმის უდაბნოში - საბჭოელი მეცნიერების შეცდომა და ცეცხლოვან ღრმულში აღმოჩენილი ბაქტერიები

აბრეშუმის გზა, უძველესი ქალაქი ნისა თუ ისტორიული მუზეუმები ნაკლებად ტურისტულ თურქმენეთს საინტერესოს ხდის, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარული ადგილი "ჯოჯოხეთის კარიბჭედ“ წოდებული კრატერია, რომელიც ყარაყუმის უდაბნოში, სოფელ დერვეზეს მახლობლად მდებარეობს. ამ ადგილას ცეცხლი ნახევარი საუკუნეა არ ჩამქრალა.

"ჯოჯოხეთის კარიბჭე“ ბუნებრივი მოვლენა არ არის, არც კომეტის ჩამოვარდნას გაუჩენია, ეს უფრო ადამიანების დაუდევრობის შედეგია.

  • საინტერესოა, საიდან გაჩნდა ცეცხლი?

60-მეტრიანი დიამეტრის და დაახლოებით, 20 მეტრი სიღრმის ღრმული საბჭოთა კავშირის დროს გაჩნდა, კერძოდ, 1971 წელს, სსრკ-ს ხელმძღვანელობამ გეოლოგებს ზუსტი ინფორმაციისთვის ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე ნავთობის კვლევა დაავალა. ერთ-ერთი ასეთი ძიების დროს მიწისქვეშ სივრცე აღმოაჩინეს, რომელიც ტოქსიკური გაზით იყო სავსე. გაბურღვის პროცესში მღვიმე დაიშალა და დაახლოებით, 5.5 კვადრატული მეტრი ფართობის ღრმული გაჩნდა.

როდესაც მომწამლავმა გაზმა გარეთ გამოსვლა დაიწყო, მეცნიერები მიხვდნენ, რომ ახლომდებარე სოფლები შეიძლებოდა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყვნენ. მაშინ გეოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ თუ კრატერს ცეცხლს წაუკიდებნენ, მარტივად მიხვდებოდნენ, თუ როდის ამოიწურებოდა გაზი, ასეც მოიქცნენ, თუმცა რაღაც ვერ გათვალეს...

მოგეხსენებათ, თურქმენეთში მსოფლიო გაზის მარაგის 6%-ია თავმოყრილი, სწორედ ამიტომ ცეცხლი ნახევარი საუკუნეა არ ქრება. ეს ადგილი თურქმენეთის ტურისტულ ცენტრად გადაიქცა, მკვლევარები და ბუნების მოყვარული ტურისტები არ ილევიან, თუმცა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც კრატერში ჩასვლა გაბედა კანადელი მეცნიერი ჯორჯ კურონისი გახლდათ.

2014 წელი - National Geographic-ის მკვლევარი "ჯოჯოხეთის კარიბჭის“ სიღრმეში ჩავიდა

18 - თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, სწორად შერჩეული ეკიპირება და რაც მთავარია, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა - ეს ის ჩამონათვალია, რაც წინასწარ დაიგეგმა.

... და დადგა ეს დღეს, პირველი ადამიანი კრატერის შიგნით მსხვილი თოკით, სითბოგაუმტარი ფორმითა და სპეციალური სასუნთქი აპარატით ჩავიდა. მას კრატერის სიღმიდან უნდა ამოეტანა საკვლევი ნიმუშები. მან მართლაც მოახერხა ეპოვა ბაქტერიები, რომლებიც ღრმულის ფსკერზე, ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში არსებობენ. ეს ბაქტერიები არ გვხვდება არსად სხვაგან დედამიწის ზედაპირზე და ძალიან კარგად გრძნობენ თავს კრატერის მცირე ეკოსისტემაში.

"მზის სისტემის გარეთ ცხელი და მეთანით გაჯერებული პლანეტები არსებობს, თუ კრატერში ახალ ბაქტერიას აღმოვაჩენდით, მაშინ ეს იქნებოდა გარკვეული მინიშნება, რომ რომელიმე სხვა პლანეტაზეც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე... ეს სიცოცხლის უკიდურესი ფორმაა, ისინი ისეთ ადგილში არსებობენ, სადაც სხვა ბაქტერია ვერ გაძლებდა“, - განაცხადა ჯორჯმა.

კომპეტენტური პირების თქმით, არავინ იცის, დედამიწაზე არსებულ "ჯოჯოხეთის კარიბჭეში“ ცეცხლი რამდენ ხანს ენთება, ფაქტი ერთია, თურქმენეთმა სსრკ-ს შეცდომით ტურისტული ადგილი მიიღო, თუმცა რამდენად უსაფრთხო, ამის შეფასება, თქვენთვის მომინდია.

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი