ავტორი:

ვინ და რატომ აცრეს საქართველოში ვაქცინის მესამე დოზით - რას ამბობს პაატა იმნაძე?

ვინ და რატომ აცრეს საქართველოში ვაქცინის მესამე დოზით - რას ამბობს პაატა იმნაძე?

სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაციები, რომ ზოგიერთმა ადამიანმა საქართველოში უკვე გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა. ამ სიახლეს მაშინვე მოჰყვა კომენტარებიც, რომელშიც მოქალაქეები უფრო დეტალურ ინფორმაციას ითხოვდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით და კითხულობენ - როდის, ორი აცრიდან რამდენ ხანში შეიძლება აიცრან მესამედ?

ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა.

პაატა იმნაძე:

- მესამე აცრა საქართველოში მხოლოდ მათ გაუკეთდათ, ვინც მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამკურნალოდ, ოღონდ ამ ადამიანებს ბუსტერს არ უკეთებენ. უბრალოდ, ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც არ ცნობენ სინოფარმს, ამ ვაქცინით აცრილ ადამიანებს, - რომლებიც სასწავლებლად ან სამკურნალოდ მიდიან, ძირითადად გერმანიაზეა ლაპარაკი, - იმუნიზაციის საბჭოს ნებართვით, მიეცათ უფლება, რომ გაიკეთონ ფაიზერი, რათა წავიდნენ საზღვარგარეთ.

- ამისთვის დარეგისტრირება როგორ ხდება?

- სამინისტროში იწერება განცხადება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოაყოლონ ოფიციალური ქაღალდი, რომ ამის გარეშე არ შეუშვებენ ქვეყანაში, სადაც მიდიან.

- დიდი ხანია ეს მოქმედებს?

- ეს მოქმედებს ზაფხულიდან. ბუსტერ დოზის გაკეთება ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო, სადაც გავიდა 8 თვე ორჯერადად აცრიდან.

- თუმცა, ვინც წერს სოციალურ ქსელში მესამედ ავიცერითო, იქ თარიღიც აქვთ მითითებული - ორჯერადად აცრის შემდეგ დაახლოებით 2 თვე იყო გასული მესამე აცრამდეო.

- ვერ გამიგეთ. ეს ადამიანები ბუსტერ დოზით კი არ აცრეს, არამედ მესამედ აცრეს ფაიზერით, იმიტომ რომ სასწავლებლად ან სამკურნალოდ მიდიოდნენ და ისე არ შეუშვებდნენ იმ ქვეყანაში, სადაც მიდიოდნენ. ამიტომ მივეცით უფლება, რომ არ დარჩნენ ქართველი ბავშვები, ვინც მიდის საზღარგარეთ, განათლების გარეშე. არ გვინდოდა ამის მიზეზი გამხდარიყო ის, რომ ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, ან კიდევ სამკურნალოდ რომ მიდის ადამიანი, ხომ არ ეტყვი, - ვერ წახვალო.

- ბევრია ამ ეტაპისთვის მესამედ აცრილი?

- ასე, ასის ფარგლებში

- ზოგადად განიხილება საქართელოში ბუსტერ დოზის დამატება?

- როდესაც იქნება ამაზე ლაპარაკი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვიქნებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პოზიციაა რომ ჯერ უნდა აიცრას უმრავლესობა 2 დოზით და მერე იფიქრეთ, - ბუსტერზეო.