ავტორი:

რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? - ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარცხელიას მკვლელობის თაობაზე და ვინ იყო დათო კაკულია? -  ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მისი მკვლელობისთვის შურისძიებას შეეწირა 22 წლის ბიჭი

არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მთავარ მოტივად, განიხილავს 20 წლის წინანდელი მკვლელობისთვის შურისძიებას. ვერაზე მომხდარი მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან დაქირავებული "ქილერია" და ამ დიდ ტრაგედიას, დიდი ალბათობით, კავშირი აქვს, ზუსტად 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. იმჟამად საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, "დათო ტბილისკი" ააფეთქეს. გამოძიება, სავარაუდოდ, მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს. ცნობილია, რომ მოკლული ახალგაზრდის მამა ასევე "კანონიერი ქურდი" გია კვარაცხელიაა, რომელიც, სავარაუდოდ, თავის დროზე დათო კაკულიას მკვლელობის საქმეში იყო გარეული.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელი სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ambebi.ge უკვე წერდა, რომ გია კვარაცხელია დაპირისპირებული იყო ე.წ. სოხუმურ კლანთან, რომლის წევრი დავით კაკულიაც (დათო "ტბილისკი") იყო. კლანში "დათო ტბილისკის" და მისი ძმის გარდა, რომეო ბულია, კაკო კოხია, მერაბ ჯანჯღავა ("სუხუმსკი“), ვახო ქარდავა (ვახო სუხუმსკი“) და სხვები მოიაზრებოდნენ. სოხუმურ კლანში, თავის დროზე, არა მარტო სოხუმელი ქურდები, ასევე ქუთაისელებიც (მაგალითად, ჯანგველაძეები) გაერთიანდნენ. როგორც ამბობენ, სწორედ ამ დაპირისპირებისა და შურისძიების მსხვერპლი გახდა უდანაშაულო ახალგაზრდა.

ambebi.ge-მ ა.წ. 15 სექტემბერს მომხდარი მკვლელობის ირგვლივ დამატებითი დეტალები გაარკვია.

როგორც სანდო წყარომ გვითხრა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელი 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა და ის დათო "ტბილისკის" ვაჟების მეგობარია. კაკულიას ვაჟები ამჟამად სომხეთში იმყოფებიან და მათ, სვარაუდოდ, იქიდან შეუკვეთეს მკვლელობა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის მარშრუტები სამართალდამცველებს გარკვეული აქვთ. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ის სომხეთში იყო გადასული. ირკვევა, რომ მკვლელი არ არის ქურდული სამყაროს წევრი, მაგრამ შესაძლოა, ამას აპირებდეს და ამ მოტივით ჩაიდინა ეს დანაშაული.

  • ვინ იყო დავით კაკულია, იგივე "დათო ტბილისკი“?

დავით კაკულია, რომელიც კრიმინალურ წრეებში"დათო ტბილისკის“ სახელითაა ცნობილი, 1963 წლის 9 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ის "კანონიერ ქურდად“ 1991 წელს აკურთხეს (თბილისში) ავთანდილ ჩიხლაძემ ("კვეჟო“), რობერტ კალანდაძემ ("რობერტა"), ნოდარ ფარიზიანმა ("ნონო"), პაატა ჩლაიძემ ("პაატა ბალშოი") და არსენა მიქელაძემ ("არსენა".

"დათო ტბილისკი" პირველად 1993 წელს მოსკოვში დააკავეს. სასტუმრო "მოსკოვში“ ე.წ. კანონიერი ქურდები აიყვანეს და ცხრაკაციან კრიმინალურ დაჯგუფებაში, კაკულიასთან ერთად იყვენენ: ტარიელ ფოცხვერია, ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო"), დავით მელქაძე ("დათო ფოთინსკი"), ნიკოლოზ თუთბერიძე ("მაცი"), მალხაზ მინდაძე, გოჩა ცაგარეიშვილი და სხვები. მათ ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დასდეს ბრალი. "დათო ტბილისკი" რამდენჯერმეა ნასამართლევი და სასჯელს როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ციხეებში იხდიდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას პატიმრობის დროს "რესბალნიცაშიც“ მოუწია გარკვეული დროის გატარება, საიდანაც 2001 წელს გათავისუფლდა. დავით კაკულია საკმაოდ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ხშირად მონაწილეობდა "სხადნიაკებში“.

2001 წლის 25 აგვისტოს, დავით კაკულიას დაქირავებულმა მკვლელმა მოსკოვში, საკუთარ სახლთან, ავტომანქანში ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელნაკეთი ყუმბარა შეუგდო და ააფეთქა. "დათო ტბილისკი" წყნეთშია დაკრძალული.

რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, 37 წლის "დათო ტბილისკი", დიასახლისთან ერთად, ცხოვრობდა კოტეჯში, რომელიც მოსკოვში, ვუჩეტიჩის ქუჩაზე მდებარეობდა, ტიმირიაზევსკის ტყიდან რამდენიმე მეტრში. მკვლელობა დღის 1-ლ საათზე მოხდა - როდესაც კაკულია ავტომანქანაში ჯდებოდა, მას მოძრავი მანქანიდან ხელნაკეთი ყუმბარა ესროლეს და მიზანშიც მოარტყეს. აფეთქების შედეგად, კუკულია მძიმედ დაშავდა - სახე და თვალები დაეწვა, გარდა ამისა, მარცხენა ხელ-ფეხის მოტეხილობა მიიღო. "დათო ტბილისკი" საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მეორე დღეს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა 200 გრამი ტროტილით (TNT) და ლურსმნებით იყო სავსე.

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდი“ დედაქალაქისთვის ჩვეული განგსტერული ჩხუბის მსხვერპლად მიიჩნია. სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას, აღმოაჩინეს ჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით (200 გრამი ტროტილით და ელექტრო დეტონატორით), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კაკულიას დაპირისპირებულმა მხარემ დაასწრო.

დავით კაკულიას აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვში ააფეთქეს ჯავშანტექნიკა, რომელშიც დედაქალაქის სომხური კრიმინალური საზოგადოების ლიდერები, ასევე "კანონიერი ქურდები“ - ძმები დათო და ნოდარ ჩოგრაშები იმყოფებოდნენ.

კონკრეტულად რა კავშირი ჰქონდა გია კვარაცხელიას "დათო ტბილისკის" მკვლელობასთან ღია წყაროებით არ დგინდება, იმედია, გამოძიება დროულად გაარკვევს ამ სისხლიანი დაპირისპირებების მიზეზებს და დასჯის დამნაშავეებს, რომლებმაც სრულიად უდანაშაულო, ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა შეიწირეს.