"არიფები“ არიან, რომ ჰგონიათ, რომ ამ პლაკეტებით ფონს გავლენ,- ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მსგავსი ბანერების გაკვრა „ქართული ოცნების“ „ამორალური კამპანიაა“.
„ეს არის ამორალური კამპანია, რომელიც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის. მორალს მიღმაა ეს ყველაფერი. პოზების დაჭერა, მე რა შუაში ვარ - მაგარი „არიფები“ არიან, როგორი „არიფები“ არიან იცით?! ისეთ „არიფები“ არიან, ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ და მერე გამოვლენ და იტყვიან, მეც არ მომწონსო. ამორალობის დონე და ფსკერია, იმის ნაცვლად, რომ ხალხს ვესაუბრებოდეთ კომუნალურ საკითხებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, გზებზე, ტრანსპორტზე და კიდევ სხვა რამეზე. ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში და იმ წარსულში იყვნენ „ნაცები“, მაგრამ თბილისს ვერ მოატყუებენ. იმიტომ არიან „არიფები“, რომ ჰგონიათ, ამით გამოძვრებიან, მაგრამ ვერ გამოძვრებიან“,- განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, მსგავსი შინაარსის ბანერები წინა არჩევნებზე მმართველ გუნდში მისი ყოფნის დროსაც გავრცელდა, გახარაია ამბობს, რომ მაშინაც თვლიდა, რომ ამ პლაკატებს „ქართული ოცნებისთვის“ პლუსები არ ექნებოდა.
„მაშინაც ვთვლიდი, რომ ამ პლაკატებით ფონს ვერ გახვიდოდი, არაფერი ამით პლუსი არ იქნებოდა. ერთი და იგივე შეცდომას ათჯერ რომ გაიმეორებ და თან გგონია, რომ ამით თბილისს რამეს მოატყუებ, „არიფი“ ხარ, აბა რა ხარ?“- განაცხადა გახარიამ.