ქართულ ეკლესიაზე საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიმდინარეობს - ამ მასალის შეგროვება ჩვენს მოძვღვრებზე, აღსარების საიდუმლოებაზე წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ თბილისის პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს შეეხო, რომელშიც ის თავადაც ფიგურირებს.
როგორც მან აღნიშნა, მას ბოლო 3 წლის განმავლობაში დაგროვილი ფარული ჩანაწერები გააცნეს.
"ბოლო 3 წლის მასალა გამაცნეს და ეს ფრაგმენტი არ არის სრული. 40 ეპიზოდი ვნახეთ და გამოკითხვის შემდეგ მართლა დამძიმებული ვარ. ეს არის მასალები, სადაც ასახულია ჩემი ურთიერთობა 7 ეპისკოპოსთან, მონასტრის ხელმძღვანელებთან და იღუმენიებთან. ეს არის კატასტროფა, პირდაპირ გეტყვით, ეს არის გამაოგნებელი რაღაც. არ მინდა ვინმე დავამძიმო, რადგან მეც ძალიან დამძიმებული ვარ. აქ აღარ არის საუბარი დანაშაულზე, ეს არის სახელმწიფოებრიობის ერთერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებებზე, იმაზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, ამისთვის ძირის გამოთხრა. მინდა გითხრათ, რომ მათ ეს არ გამოუვათ", - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, მან ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მასალებში აღბეჭდილი სიტუაციები ახსოვს.
"ეს იყო ჩემი მხრიდან ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება. პრაქტიკულად ყველაფერი დავუდასტურე, რადგან როდესაც ამონარიდის კითხვას იწყებდნენ, უკვე ვუდასტურებდი, რადგან ეს მომენტები ნამდვილად იყო. ეს არის მხოლოდ ერთი დაკითხვის შედეგი. როგორც გვითხრეს, უამრავი მასალის გაშიფრვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
ბუნებრივია, ჩვენ გამომძიებელთან გვქონდა საუბარი. იმედია, რომ ეს ყველაფერი დამკვეთამდე, დამფინანსებლამდე და არამარტო გამავრცელებლამდე მიგვიყვანს, რადგან ეს ამბავი ძალიან კომპლექსურად არის გამოსაძიებელი", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.