"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" თავმჯდომარე, პარლამენტარი იაგო ხვიჩია თანაგუნდელებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იბრძვის. ცნობილია, რომ მისმა პარტიამ ადგილები საარჩევნო უბნებზე უკვე გაყიდა. თურმე პარტიამ ამ გზით 200.000 ლარი მიიღო, რასაც საარჩევნო კამპანიაში დახარჯავს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ცოტა ხანს დაისვენებს, რადგან ორი წელია, არ დაუსვენია...
- იაგო, როგორ ემზადება "გირჩი" არჩევნებისთვის?
- სხვადასხვა რაიონში ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც საკრებულოში ჩვენს ამომრჩევლებს პრობლემური საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან და ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან. მთავარი პატიოსნებაა, სხვა არც ერთ კრიტერიუმს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. თუ ვიპოვეთ ისეთები, რომლებსაც პატიოსნებასთან ერთად კვალიფიკაცია და გამოცდილებაც აქვთ, ძალიან კარგი.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პარლამენტარობის დროიდან? შიგნიდან დანახული რეალობა როგორია?
- რომ გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, არ იქნება მართალი. ვიცნობდი კოლეგებს და დიდ იმედს არ ვამყარებდი, მაგრამ მაინც მეგონა, პარლამენტში ყოფნა ჩემი სხვა კოლეგებისთვის სტიმული იქნებოდა, რომ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში მიეღოთ მონაწილეობა და არა იმაში, რასაც ახლა ვუყურებთ. ამას პოლიტიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არა აქვს. რეალური პოლიტიკური პროცესი იქნებოდა პოლიტიკური დებატები, საუბარი და მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე; "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და არა - "კონცერტი". სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა იმის, რაშიც ოპოზიცია გვარწმუნებს, - რომ ეს "ქართული ოცნების" დამარცხების გზაა.
- იაგო, ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე მოგვიყევით.
- მარტვილის რაიონში, სოფელ თამაკონში, პედაგოგების გარემოცვაში გავიზარდე. მშობლები, ბებია და ბაბუა, მამიდა - პედაგოგები იყვნენ. მე და ჩემს ძმას სახლში 5 მასწავლებელი გვყავდა. 90-იანი წლების "კლასიკური" ბავშვი ვარ, რომელსაც ყველაფერი უნახავს - უშუქობა, უგაზობა, პურის რიგში დგომა, ისიც კი, როგორ დარბოდნენ ქუჩებში შეიარაღებული ფორმირებები. დიდი ჭყონის საშუალო სკოლაში დავდიოდი. კარგი მოსწავლე ვიყავი, რაც მაინტერესებდა, იმ საგნებს კარგად ვსწავლობდი. ბევრს ვკითხულობდი. თავისუფალ დროს ან ფეხბურთს ვთამაშობდი, ან სათევზაოდ მივდიოდი, ან წიგნების კითხვით ვერთობოდი.
- სოფელში ხშირად ჩადიხართ? როგორ გხვდებიან მეზობლები პარლამენტარ იაგოს და იქაც ხომ არ გიწევთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება?
- ჩემი მშობლები სამეგრელოში ცხოვრობენ, ამიტომ თვეში ერთხელ ჩავდივარ. ჩემს სოფელში საარჩევნო კამპანია არასოდეს ჩამიტარებია. დიდი ხანია, იქიდან წამოსული ვარ, შესაბამისად, კარგად არც მიცნობენ. ვისაც უნდა, მომცეს ხმა, ვისაც არ უნდა, ნუ მომცემს, ამით ჩემთვის არაფერი იცვლება.
- მშობლები როგორ უყურებენ თქვენს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას?
- მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ყოველთვის მენდობოდნენ, პოლიტიკაში ჩემმა წასვლამ ისინი ძალიან ააფორიაქა. გინდა თუ არა, ეს ის საქმეა, სადაც აუცილებლად გაილანძღები. თუმცა, ჩემს არჩევანს გაგებით მოეკიდნენ და შეძლებისდაგვარად მხარს მიჭერენ. ძალიან აღიზიანებთ, როცა ვიღაცა მლანძღავს. სულ ვეუბნები, შეუძლიათ გაერთონ, მიგულშემატკივრონ, მაგრამ არ ინერვიულონ. ვღელავ, არ მინდა მშობლებმა ჩემზე იდარდონ, მაგრამ ხშირად უწევდათ. რამდენჯერმე დამიჭირეს და ციხეშიც ვიჯექი (ადმინისტრაციული წესით, აქციების დროს. - ავტ.). ჩემი მშობლების მდგომარეობას განვიცდი, საერთოდ სხვანაირად უყურებდნენ სამყაროს, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება და ნელ-ნელა ეგუებიან.
- თუმცა, ზურაბ ჯაფარიძემ, ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ თქვენი პარტია დატოვა, ამაზე გული არ გწყდებათ?
- საერთოდ, გული მწყდება შეცდომაზე, როდესაც უაზრო მიზეზით ადამიანები გებუტებიან... მიუხედავად ამისა, ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. "გირჩი" ღირდა იმად, გულისწყვეტაც ყოფილიყო, იმედგაცრუებაც და წარმატებებიც. ამ წარმატებებს ყველა ხედავს.
- თქვენი მშობლები როგორ უყურებენ იმას, რომ მათი შვილი იბრძოდა მარიხუანის ლეგალიზაციისთვის?
- ჩემს მშობლებს არასოდეს ჰქონიათ კარგი დამოკიდებულება მარიხუანასთან. მათ ამ ბრძოლის შინაარსი გაიგეს მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესი მოვიგე; ავუხსენი ყველაფერი და უფრო ადამიანურად მიუდგნენ ამ საკითხს. საერთოდ, ამ პროექტის მიმართ სულ კრიტიკულები იყვნენ. ადვილი არ არის ამტკიცო, ადამიანის დაჭერა არ შეიძლება იმის მიხედვით, რას მოსწევს და რას დალევს. გასაგებია, თაობებს შორის დიდი სხვაობაა შეხედულებებში, მაგრამ მათ კარგად ესმით, რომ რასაც ახლა ვაკეთებ, ეს საჭიროა.
- მეუღლე როგორ უყურებს ამ ყველაფერს?
- განსხვავებული აზრები არ გვაქვს. შეიძლება თავიდან არ მოსწონდა ის სიგიჟე, რაც ჩემს თავს ხდებოდა საჯარო სივრცეში... როცა პოლიტიკაში მიდიხარ, ადამიანებს გიჟი ჰგონიხარ. პოლიტიკოსებს სამწუხაროდ, რეპუტაცია შელახული აქვთ. ეს უნდა შეიცვალოს... ჩემს მეუღლეს არ აინტერესებს პოლიტიკური საკითხები ისე, რომ თავად ჩაერთოს, მაგრამ საქმეებში ჩემი თანამოაზრეა. პროფესიით იურისტია და ამ სფეროში მუშაობს...წაიკითხეთ სრულად