დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადება შპს ‘’ალმა’’-ს მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გაიზიარებს კომპანიის მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მიმართა ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, “ალმას“ ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები ცენტრთან შეთანხმების გარეშე გადაეკრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადების თანახმად, იმედოვნებენ, რომ “ალმა“ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს
“რადგან საკითხი დღეს ქვეყნისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, რაც თქვენს კომპანიასაც ეს სრულად აქვს გაცნობიერებული და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ფართო მასების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში COVID-19 პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი და ამისათვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ გიპასუხოთ თქვენს განცხადებაზე, სადაც აღნიშნავთ, რომ თქვენ ბანერების განთავსების დაპირებული სამთვიანი ვადა კეთილსინდისიერად შეასრულეთ და სახელშეკრულებო ვალდებულებები ამოწურეთ.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ რომ, ფართო საკომუნიკაციო კამპანია სასიცოცხლოდ აუცილებლია მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რომ ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და უსაფრთხო, ვადასტურებთ იმასაც, რომ ქვეყნის მასშტაბით თქვენს მიერ, ამ შინაარსის არაერთი ბანერია განთავსებული, მაგრამ განვმარტვთ, რომ ცენტრსა და შპს ‘’ალმა’’- სთან 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში თქვენს მიერ განცხადებაში მოყვანილი სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის და ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული.
სახელშეკრულებო პრაქტიკის, საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე თითოეული მოქალაქის მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ცენტრსა და შპს ‘’ალმას’’-ს შორის მრავალწლიანი წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობების გათვალსწინებით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტშიც, სოციალური და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალსწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ ცენტრსა და შპს ‘’ალმა’’-ს შორის არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილი იქნება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს - ‘’ალმა’’ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს”, - ნათქვამია განცხადებაში.