ავტორი:

"არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია" - კახა კალაძე გიორგი გახარიას

"არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია" - კახა კალაძე გიორგი გახარიას

შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები: ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები - აი, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ ამას, თუ არა?!- ამ შეკითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს საქართველოს პირველი არხის ეთერში მიმდინარე დებატებზე.

მანამდე კი, გახარიამ კალაძეს კითხვით მიმართა დაჯდება თუ არა მასთან დებატებში.

„არ ვაპირებდი კითხვის დასმას, სხვანაირად მინდოდა ეს გამომეყენებინა, მაგრამ კახასთან მაქვს ერთი კითხვა, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად?!“, - მიმართა გახარიამ კალაძეს.

აღნიშნულზე კახა კალაძემ უპასუხა:

„პოლიტიკურად, რა თქმა უნდა. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდეთ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ იმის საშუალება, ნახოთ, თუ რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ პირადად თბილისელების მხრიდან. რა თქმა უნდა, ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება იმის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„კარგი, რადგან არ იქნება, ვაზუსტებ. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები, ნარკომანობა მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები - აი, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ ამას, თუ არა?!“, - მიმართა გახარიამ კალაძეს.

კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა შენი ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ახლა, არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.