ავტორი:

ვინ არის ზელენსკის მეგობარი სერგეი შეფირი, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუხსნეს და რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი?

ვინ არის ზელენსკის მეგობარი სერგეი შეფირი, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუხსნეს და რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი?

22 სექტემბერს, დაახლოები 10 საათზე, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პირველ თანაშემწისა და უახლოესი მეგობარის, სერგეი შეფირის მანქანას, რის შედეგადაც დაიჭრა მისი მძღოლი.

პოლიციის თქმით, მანქანას ათზე მეტი ტყვია მოხვდა თავდასხმისას, რომელიც კიევის მახლობლად მდებარე სოფელ ლისნიკიიში მოხდა.

როგორც უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიანა ბეზუგლაიამ განაცხადა, შეფირის მძღოლს სამი ტყვია მოხვდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ კი "ფეისბუქში" დაწერა, რომ მოძრავ მანქანას ტყიდან ესროლეს ავტომატური იარაღი.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება და ნიუ იორკში ესწრება გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრებს, მის თანაშემწეზე თავდასხმას გამოეხმაურა ვიდეომიმართვით, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, ჯერ არ აქვს ინფორმაცია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა პასუხი ძლიერი იქნება.

"გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ დედაქალაქში მივდივარ. ვინ დგას ამის უკან, გულწრფელად ვიტყვი, ჯერ არ ვიცი, რა სახის ძალები შეიძლება იყვნენ - გარეული თუ შინაური, მაგრამ მე მათ ძალებად არ მივიჩნევ, რადგან სალამი გამომიგზავნო ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილზე თავდახმით, ეს სისუსტეა. მაგრამ, აი, პასუხი კი ძლიერი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის განმარტებით, მომხდარი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კურსზე, რომელიც მისმა გუნდმა აირჩია ცვლილებებისკენ, ეკონომიკის გახსნისკენ, კრიმინალთან და დიდ ფინანსურ ჯგუფებთან ბრძოლისკენ..

თავად სერგეი შეფირმა მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი.

"მიზეზი არ ვიცი. მანქანით მივდიოდით და უცებ სროლა დაიწყო. მძღოლი დაჭრეს, მაგრამ ის არ გაჩერებულა და ავტომობილი ავაჩქარეთ. საშინელება იყო. სასწრაფოდ პოლიციას და შს მინისტრს დავურეკე“, - განაცხადა შეფირმა.

აქვე, მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ვერსიებს, თითქოს ეს თავდასხმა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გუნდში არსებულ უთანხმოებასთან.

  • ვინ არის სერგეი შეფირი?

57 წლის სერგეი შეფირი ვლადიმირ ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი და თანამოაზრეა. მას ზელენსკისთან ნაცნობობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აკავშირებს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც უკრაინის ამჟამინდელი ლიდერი "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ამომავალი ვარსკვლავი იყო. ის სერგეი შეფირმა, ძმასთან - ბორისთან ერთად, მიიწვია გუნდში სახელად: " ზაპოროჟიე - კრივოი როგი - ტრანზიტი", რომელმაც მოგვიანებით კლუბის უმაღლესი ლიგაც კი მოიგო. როგორც ამბობენ, მათი მეგობრობა აქედან დაიწყო, ისინი მოსკოვში ერთ ბინაში ცხოვრობდნენ, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კი ერთობლივად დააარსეს სტუდია "კვარტალი 95", რომელიც თანადათანობით მარავალმილიონიან ბიზნესად იქცა. ძმებ შეფირებთან ახლობლობაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სტუდიის საკუთარი წილი ზელენსკიმ სწორედ მათზე გადააფორმა.

ვლადიმირ ზელენსკი ძმებ შეფირებთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, რომ მომხდარი ზელენსკის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონების და დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ მიმართული აქტია და ამით ცდილობენ მათ დაშინებას.