ავტორი:

"დღეს მძიმე დღეა. თვეობით ასაღები ხელფასის მოლოდინში გარდაცვლილი ექიმის დაკრძალვაა" - აქცია კლინიკასთან: რაში ადანაშაულებენ "რუსთავის სამშობიარო სახლს“?

"დღეს მძიმე დღეა. თვეობით ასაღები ხელფასის მოლოდინში გარდაცვლილი ექიმის დაკრძალვაა" - აქცია კლინიკასთან:  რაში ადანაშაულებენ "რუსთავის სამშობიარო სახლს“?

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და მშრომელთა სოლიდარობის კავშირის ორგანიზებით, სს "რუსთავის სამშობიარო სახლთან“, საპროტესტო აქცია-პერფორმანსი ჩატარდა. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ: სამშობიარო სახლის მედპერსონალი, სამოქალაქო აქტივისტები და რამდენიმე დღის წინ, გულის შეტევით გარდაცვლილი ექიმის, ვასილ მენთეშაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები.

აქციიის მონაწილეებმა სამშობიარო სახლის ექიმებს და მედპერსონალს სოლიდარობა გამოუცხადეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ადმინისტრაცია, მედპერსონალს ხელფასს სამ თვეში ერთხელ აძლევს და ორი წლის განმავლობაში ზოგიერთ მათგანს 10 თვის სახელფასო დავალიანება დაუგროვდა, ზოგს კი - უფრო მეტი. მათ შორის იყო ექიმი ვასილ მენთეშაშვილი, რომელსაც 25 თვის ხელფასი ჰქონდა ასაღები და ის რამდენიმე დღის წინ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

"დღევანდელი აქცია-პერფორმანსით ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რაც ამ საამშობიარო სახლში ხდება. აქ, ექიმებს აიძულებენ თვეების განმავლობაში უხელფასოდ იმუშაონ და ამის გამო, მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში უწევთ ყოფნა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ტყემალაძემ.

"რუსთავის სამშობიარო სახლს“ მენთეშაშვილის მიმართ 25 თვის სახელფასო დავალიანება ჰქონდა, ექიმმა სასამართლოს გზის საააღსმრულებო ბიუროს მიმართა, თუმცა ადმინისტრაციამ, მას აღსრულების გზით კუთვნილი შრომითი ანაზღაურების გადახდაზე კვლავ უარი უთხრა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, დამსაქმებლისგან უარის მიიღების მეორე დღეს მენთეშაშვილი გარდაიცვალა.

ვასილ მენთეშაშვილს დღეს დაკრძალავენ.

აქციის მონაწილეებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს და სამშობიარო სახლის ადმინისტრაციას მოუწოდეს ხელფასები დროულად გასცეს, ასევე ყველა დასაქმებულს ჩაურიცხოს ის დავალიანება, რაც დღემდე დაუგროვდათ. მენთეშაშვილის გარდაცვალებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება მისი კოლეგა თამუნა ლომიძე.

"დღეს მძიმე დღეა. თვეობით ასაღები ხელფასის მოლოდინში გარდაცვლილი ექიმის დაკრძალვაა. ეს ჩემი სიგელები მომხვდა თვალში, რანდენ რამეში ვრეალიზდი, ყველგან კვალი დავტოვე და სინამდვილეში რა დებილობაა ცხოვრება, მეც, ექიმი, ჩემი 10 თვის ხელფასის მოლოდინში ვარ. უდამპლეს ეპოქაში ვართ! დაუცელი ექიმი!!! ქალბატონო ნელი, რუსთაველების გულის ექიმო, დედობრივი ვალი მოგიხდიათ, ღვთისმოშიში და კეთილშობილი, თქვენნაირი გულისხმიერი და გულიანი ექიმი შვილი გაგიზრდიათ. აქ მასეთების ადგილი არაა. ჩაიხუტეთ!“ - წერს თამუნა ლომიძე.

სამშობიარო სახლის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების გამოჩენისთანავე სამართალდამცავებს მიმართა.

ავტორი: მარი ვარდოშვილი