ავტორი:

"ნაძირალა", "პროვოკატორო", "ნაბიჭვარო" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის (ფოტო, ვიდეო)

"ნაძირალა", "პროვოკატორო", "ნაბიჭვარო" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის (ფოტო, ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა: "ნაძირალა, "ხულიგანი", უინტელექტო".

საბოლოოდ მელიამ და კობახიძემ ერთმანეთზე გაიწიეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

21 სექტემბერს, ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. ამ ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაკავებულია ამავე სოფელში "ქართული ოცნების" კანდიდატის შვილი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.