მესმის რთულია, ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, სხვადასხვა მოსაზრებებია, მაგრამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.
დედაქალაქის მერი პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატის, ბესო ბენდელიანის ავტომანქანის დაცხრილვის ფაქტსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე უნდა იყოს, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს.
„მთლიანობაში საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, რასაც თქვენ მეუბნებით, რაც ძალიან ცუდია. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად შევეცადოთ მშვიდ ვითარებაში დასრულდეს არჩევნები. მესმის რთულია, ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირებები არსებობს პარტიებს შორის, სხვადასხვა მოსაზრებებია, მაგრამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან მისი თანაგუნდელის ირაკლი ჩიქოვანის ის განცხადებაც შეაფასა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება და განმარტა, რომ პროვოკაციები ხელს უწყობს ადამიანების დაპირისპირებას, ამიტომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
„ გადახედეთ ჩატარებულ არჩევნებს. არჩევნები ყოველთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ბოლო 1 კვირა, რამდენიმე დღე კი იწყება მიზანმიმართული პროვოკაცია, ეს სიახლე არ არის. ასე იყო ყველა არჩევნების წინ. ალბათ, ახლაც ასე იქნება იმ ფაქტების გათვალისწინებით, როდესაც აჭარაში, ჩვენს ოფისში შევარდნენ, ასევე დაპირისპირება იყო დმანისში, იყო პროვოკაციები, რაც ქარელში მოხდა. ეს ყველაფერი ცუდია და ხელს უწყობს ადამიანების დაპირისპირებას. ყველამ კეთილი ვინებოთ და შევიკავოთ თავი“,- აღნიშნავს კალაძე.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს დღეს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს. პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აკისრებს.