სამედიცინო პლატფორმა "მედ-გიდის" დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში მამის გარდაცვალების მიზეზებზე პირველად ისაუბრა. სოფო ჯაფარიძის თქმით, მამამისი ექიმების მიერ არასწორად დასმულ დიაგნოზსა და არასწორ მკურნალობას შეეწირა.
"ჩემს ოჯახში სხვა პროფესია არც ყოფილა. ბაბუაჩემი, ვახტანგ ყიფიანი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი. მისი გაზრდილია ძალიან ბევრი ის ექიმი, რომლებიც ახლა წინა ხაზზე იბრძვიან. დედა, ბებია, დეიდა - ყველა ექიმია და არც განიხილებოდა ჩემთვის სხვა პროფესია. ბავშვობაში ძალიან მინდოდა იურისტობა, მაგრამ როცა გავიზარდე, სტომატოლოგია ავირჩიე, რადგან დეიდაჩემი ძალიან წარმატებული სტომატოლოგია და მე მისი გაზრდილი ვარ.
9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, მაგრამ მე მყავს მამა, მამაზე კიდევ უფრო მეტი, ალბათ... მამა ჰქვია, იმიტომ, რომ ვერ მოვიხსენიებ, როგორც დედაჩემის მეუღლეს. ის ჩემთვის დედაზე მეტია, მამაზე მეტია, ბებიაზე მეტია... ყველაფერია ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. ჩემს შუათანა შვილს მისი სახელი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მე არაჩვეულებრივი მამა დავკარგე, არასდროს მქონია ამის დეფიციტი.
მამა კარგად არ მახსოვს, თუმცა ფრაგმენტულად ბევრი რამ მახსოვს, - ძალიან თბილი იყო ჩემს მიმართ...
თავიდან არ მითხრეს, რომ ცუდად იყო მერე გავიგე, როდესაც უკვე პანაშვიდები იმართებოდა.
მამა შეეწირა ექიმის მიერ არასწორად დასმულ დიაგნოზს და არასწორ მკურნალობას, ეს იყო მწვავე პროცესი, რომელიც აერიათ, ეგონათ რომ იყო ბრმანაწლავის პრობლემა. აპენდექტომია ჩატარდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ამ თემას ყოველთვის ვისხლიტავ...
ბოლოს უკვე როდესაც გარდაიცვალა, სულ იყო ეს ვნებათაღელვა ჩვენს გარშემო, რომ - რაღაცნაირად უნდა გადაგვერჩინა, იქნებ აქ წაგვეყვანა, იქ წაგვეყვანა... დღესაც კი არ მიკითხავს დიაგნოზი. ეს რომ მახსენდება და რომ ვიცი, რომ ადამიანები ასე არასწორად დასმულ დიაგნოზს შეიძლება შეეწირონ, ალბათ ქვეცნობიერად ეს მაქვს ჩართული და ძალიან ვცდილობ, სხვების სიცოცხლის გადარჩენას", - გაიხსენა სოფო ჯაფარიძემ გადაცემა "ყვითელ ყუთში" სტუმრობისას.