ავტორი:

ბუნდესტაგის არჩევნები: მერკელის ეპოქა დასრულდა, გერმანელები შეშფოთებულები არიან! - როგორ მოხერხდება კოალიციის შექმნა და ვინ არიან კანცლერობის პრეტენდენტები?

ბუნდესტაგის არჩევნები: მერკელის ეპოქა დასრულდა, გერმანელები შეშფოთებულები არიან! - როგორ მოხერხდება კოალიციის შექმნა და ვინ არიან კანცლერობის პრეტენდენტები?

26 სექტემბერს, გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართა, რომლის წინასწარი შედეგებითაც, ანგელა მერკელის ბლოკი სოციალ-დემოკრატებთან დამარცხდა. წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ხმების 25.7%-ით ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD). კანცლერ ანგელა მერკელის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და "ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულ ბლოკს (CDU/CSU) 24.1% აქვს.

"მწვანეებს“ ხმა მისცა 14.8%-მა, "თავისუფალ დემოკრატებს“ 11.5%-მა და მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის“ 10.3%-მა. 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა "მემარცხენე პარტიამ“. ამომრჩეველთა აქტივობა 76%-ზე მეტი იყო.

ამ არჩევნებით სრულდება ანგელა მერკელის 16-წლიანი კანცლერობა. მერკელი, რომელიც გერმანიის პირველი ქალი კანცლერია, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარეობას 2018 წლიდან ჩამოშორდა.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება, თუმცა, იმის გამო, რომ სოციალ-დემოკრატების და კონსერვატიული ბლოკის შედეგებს შორის მხოლოდ მცირე სხვაობაა, კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები შესაძლოა, გაჭიანურდეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერობის ორივე მთავარმა პრეტენდენტმა, სოციალ-დემოკრატების და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებმა, ოლაფ შოლცმა და არმინ ლაშეტმა განაცხადეს, რომ მზად არიან გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის.

გერმანიის ახალი, მეოცე მოწვევის პარლამენტი რამდენიმე კვირის შემდეგ აირჩევს ახალ ფედერალურ კანცლერს, რომელმაც თავის მხრივ, მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დააკომპლექტოს.

გერმანიის საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს კოალიციური მთავრობის შექმნას, თუმცა, აღასანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას არასდროს ჰქონია ხმების 31%-ზე ნაკლები.

გერმანიის არჩევნებს აქტიურად ეხმაურება მსოფლიო პრესა.

"ამ არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, - წერს ამერიკული "ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში, სათაურით: "წინასწარი შედეგებით, გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა ანგელა მერკელის პარტიაზე გაიმარჯვეს“. ისტორიული იმიტომაა, რომ მის შედეგებზეა დამოკიდებული არამარტო გერმანიის მომავალი, არამედ მთელი ევროპისაც, და შესაბამისად, მსოფლიო პოლიტიკის პერსპექტივა. მთავარი "ინტრიგა“ ისაა, რომ არასდროს გერმანიაში არჩევნები ასეთი თითქმის თანასწორი შედეგებით არ დასრულებულა.

ოლაფ შოლცი

"რაც უფრო ნაკლები განსხვავებაა პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობაში, მით უფრო ძნელი და რთული იქნება მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შესაქმნელად“, - წერს აშშ-ის გავლენიანი გაზეთი. როგორც ჩანს, მომავალი კოალიცია სამი პარტიისაგან ჩამოყალიბდება, რადგან ქვეყნის ორ უდიდეს პარტიას - სოციალ-დემოკრატებსა და ქრისტიან-დემოკრატებს შორის შეთანხმება ნაკლებად მოსალოდნელია.

არმინ ლაშეტი

როგორ მოხდა, რომ ასეთმა მნიშვნელოვანმა არჩევნებმა ასეთი მოულოდნელი შედეგი გამოიღო?

"გერმანელები შეშფოთებულნი არიან: როგორც ჩანს, ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის განმავლობაში ისინი პოლიტიკაში მკვეთრ შემობრუნებებს გადაეჩვივნენ“, - ნათქვამია სტატიაში.

ბრიტანულ "ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულია პუბლიკაცია, სათაურით: "პირველი შედეგები: სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცს და ქრისტიან-დემოკრატ არმინ ლაშეტს გერმანიის ლიდერობაზე პრეტენზიები აქვთ“. სტატიის ავტორი გაკვირვებულია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი (განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს), როგორიც ეკონომიკაა, ჩვეულებრივად პრაქტიკოსმა გერმანელებმა ხმის მიცემის დროს მხედველობაში ნაკლებად მიიღეს. სხვაგვარად ძალიან რთულია აიხსნას ის სიტუაცია, "რომლის დროსაც ბურთი წვრილი პარტიების მხარეზე აღმოჩნდა, რომლებიც კოალიციის ბედს გადაწყვეტენ“.

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით: "გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები: სოციალ-დემოკრატებმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს, ქრისტიან-დემოკრატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა“, სააგენტო Forschungsgruppe Wahlen-ს მიერ ჩატარებული ბლიც-გამოკითხვის თანახმად, "სოციალ-დემოკრატების გამარჯვება მათი ლიდერის - ოლაფ შოლცის ტრიუმფს წარმოადგენს, ხოლო ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ მათ ლიდერად არმინ ლაშეტის მოსვლას პარტიის პოპულარობაზე გავლენა არ მოუხდენია - არც უკეთესად და არც უარესად, რამაც საბოლოო ჯამში გავლენა არჩევნების შედეგებზე მოახდინა.

ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საქმეები მას შემდეგ წავიდა უკან, როცა ანგელა მერკელმა უარი განაცხადა პარტიის ლიდერად დარჩენაზე. ორშაბათს და სამშაბათს პარტიები თავიანთ საშინაო შეხვედრებს გამართავენ. ახალი პარლამენტი სამუშაო სესიას არჩევნებიდან არაუგვიანეს 30 დღის გასვლის შემდეგ გახსნის, ანუ 26 ოქტომბერს. რაც შეეხება კოალიციის შექმნას, როგორც "გარდიანი“ წერს, ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომაც "დიდი წარმატება იქნება, თუ ახალ წელს გერმანია ახალი მთავრობით შეხვდება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ