ავტორი:

"ენერგეტიკული აპოკალიფსი": რიგები, ხმაური და ცემა - ტყეპაც კი ბენზინგასამართ სადგურებთან და ეს ვენესუელაში კი არა, დიდ ბრიტანეთში ხდება

"ენერგეტიკული აპოკალიფსი": რიგები, ხმაური და ცემა - ტყეპაც კი ბენზინგასამართ სადგურებთან და ეს ვენესუელაში კი არა, დიდ ბრიტანეთში ხდება

ენერგეტიკული კოლაფსი ნელ-ნელა ბებერ, კეთილ ინგლისამდეც მივიდა - ის, რაც ადრე მხოლოდ ვენესუელაში შეიძლებოდა გვენახა, ახლა "ნისლიან ალბიონშიც“ მოხდა: ქვეყანაში ბენზინის დეფიციტი გაჩნდა - დაიწყო "საბენზინო აპოკალიფსი“ და როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი დიდწილად "ბრექსიტის" შედეგია.

ბრიუსელში, ევროკავშირის შენობის წინ, 2020 წლის 31 იანვარს ჩამოიხსნა ბრიტანეთის დროშა, რითაც ფორმალურად დასრულდება კავშირში ბრიტანეთის ყოფნის ორმოცდაშვიდწლიანი ისტორია და როგორც იმჟამად ამბობდნენ, დაიწყო "პოსტბერქსიტი", რომლის დროსაც 1 - ლი თებერვლიდან ა. წ. დეკემბრის ბოლომდე, ვიდრე ლონდონი და ბრიუსელი ახალი შეთანხმების პრინციპებზე შეჯერდებოდნენ, ბრიტანელ მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს მიეცემოდათ ადაპტაციის პერიოდი. ამასობაში მხარეებს უნდა გაემართათ მოლაპარაკებები ვაჭრობის, საბაჟო რეგულაციების, თევზჭერის წესების, უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი მთლად მარტივად არ წარიმართა...

  • გრძელი რიგები ბენზინისთვის

მეოთხე დღეა ინგლისის 8 ათასი ავტოგასამართი სადგურიდან უმეტესობა საწვავის დეფიციტს განიცდის: გზის გასწვრივ ავტომანქანების თვალუწვდენელი რიგებია, რაც მოძრაობას აფერხებს. ზოგიერთ ბენზინსადგურზე საათობით ლოდინის გამო სიტუაცია ისე მწვავდება, რომ მძღოლებს ერთმანეთთან ჩხუბი მოსდით და ისინი არც სადგურის თანამშრომლებს არ ინდობენ. სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა ვიდეო და ფოტომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იმარაგებს ზოგიერთი ბრიტანელი შესაბამისი ჭურჭლით დიდი რაოდენობით ბენზინს. ასეთი ფაქტის შემყურე სხვა მძღოლებს ბრაზისაგან "გული უსკდებათ“ - მიდის ცემა-ტყეპა და გინება. გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ მძღოლებს მოუწოდა, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ და სადგურების საცავებიდან მთელ ბენზინს "ნუ ამოწოვენ“....

სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, რომ გზაზე ბენზინმზიდებს ძალით აჩერებენ და საწვავს იტაცებენ.

  • ექიმები სამსახურში ვერ მიდიან... რას ამბობს მთავრობა?

ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ საწვავთან დაკავშირებულმა პრობლემამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბევრ ექიმს და მედიცინის სხვა მუშაკებს კლინიკებამდე მისვლა არ შეუძლია, ხოლო სკოლების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ სწავლების ონლაინ-რეჟიმს დაუბრუნდნენ (თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული მას შემდეგ, რაც მთავრობამ კორონავირუსული შეზღუდვები შეასუსტა). მოსწავლეების მშობლებს შემდეგი შინაარსის შეტყობინებები დაეგზავნათ: "რადგანაც პედაგოგებს სკოლაში მისვლა უჭირთ, რადგანაც სიძნელეებია შექმნილი მოსწავლეების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის სფეროშიც, არ გამოვრიცხავთ დისტანციური სწავლების ვარიანტზე გადასვლას“.

ლონდონის მერმა სადიყ ხანმა განაცხადა, რომ ასეულობით ტაქსისტი და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები ორშაბათს სამუშაოდ ვერ გამოვიდნენ, რადგან ავტომანქანების ავზებში ბენზინის ჩასხმა ვერ მოხერხდა. ზოგიერთები იძულებულნი გახდნენ მანქანები შუა გზაზე მიატოვებინათ.

მთავრობა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქვეყანაში ბენზინი საკმარისია და ამიტომ მისი ზედმეტად, "ყოველი შემთხვევისათვის“ ჩასხმა საჭირო არ არის. "საწვავი იმდენია, რომ ყველას ეყოფა, დეფიციტი არ არის“, - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა. დარგის სპეციალისტების განმარტებით, დიახ, ბენზინი მართლაც არის, მაგრამ პრობლემას სულ სხვა მიზეზი აქვს: საქმე იმაშია, რომ ბენზინის ბენზოგასამართ სადგურამდე მიტანა გაძნელებულია. რატომ, არ იკითხავთ? თურმე ნავთობკომპანიებს, კერძოდ, British Petroleum-ს, EG Group-ს და Shell-ს ბენზინმზიდების მძღოლები არ ჰყოფნით.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/nKnDzLLSOlI" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
  • მთელი ევროპის მძღოლებო, ბრიტანეთში შეერთდით!

დიდი ბრიტანეთის კონსერვატორთა მთავრობა, რომელმაც 2020 წლის "ბრექსიტის" გადაწყვეტილებით, ევროკავშირიდან სამუშაო ძალის შემოსვლა აკრძალა, იძულებული გახდა, რომ საწვავის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, კონტინენტური ევროპიდან დროებითი ვიზებით სასწრაფოდ მიეწვია 5 ათასი მძღოლი, რომელთა წილი დიდ ბრიტანეთში ბრექსიტამდე და პანდემიამდე, ტვირთების გადაზიდვის სეგმენტში არსებით წილს შეადგენდა. ვიზების მოქმედების ვადა 2021 წლის დეკემბრის ბოლომდეა.

"ჩვენ არ გვინდა, რომ კვლავ დამოკიდებულნი ვიყოთ უცხოურ სამუშაო ძალაზე, ამიტომაც ვიზების მოქმედების ვადა მხოლოდ შობის დღესასწაულამდეა. ვცდილობთ ეს ძველი პრობლემა როგორმე გრძელვადიან პერსპექტივაში გადავჭრათ“, - აცხადებს ტრანსპორტის მინისტრი. მისი განკარგულებით, სამინისტრომ ასი ათასობით ინგლისელს - ყოფილ ბენზინმზიდ მძღოლებს თხოვნა გაუგზავნა, რომ ისინი ყოფილ სამსახურს დროებით დაუბრუნდნენ და კრიზისის დაძლევაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

რიტეილერები მიესალმებიან ამ ნაბიჯს, მაგრამ ამბობენ, რომ ბრიტანეთს 100 ათასამდე მძღოლი აკლია და 5 ათასი მძღოლის მიწვევა, როგორც იტყვიან, "ზღვაში წვეთია“, განსაკუთრებით შობა-ახალის წლის დღესასწაულების წინ.

  • დამნაშავე მხოლოდ "ბრექსიტია"?

საავტომობილო ტვირთგადამზიდთა ასოციაციის (RNA) აზრით, ამ სიტუაციის წარმოქმნა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ბრალია, რომლის შედეგად პროფესიული მძღოლების დეფიციტი გაჩნდა. საინტერესოა, რომ ერთი წლის განმავლობაში ინგლისმა მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების 72 ათასი მძღოლი დაკარგა, რომლებიც "ბრექსიტის" შემდეგ სამუშაოდ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში წავიდნენ.

სხვათა შორის, BBC - სთან ინტერვიუში ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა მკაცრად გააკრიტიკა საავტომობილო ტვირთგადამზიდთა ასოციაციის პოზიცია და მის ხელმძღვანელებს უსაყვედურა: "რატომ თესავთ თქვენი ნათქვამით ქვეყანაში პანიკას? ბენზინმზიდების მძღოლთა დეფიციტი ჩვენთან წლების განმავლობაში გრძელდება და რაღა ახლა მოგინდათ ამის თქმა? ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ექვსი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გვაქვს, ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ და საწვავის 47 საცავში ბენზინი საკმაო რაოდენობით არის“. თავის მხრივ, ასოციაციამ მინისტრის ბრალდება, აბსოლუტურად, არასწორად და უადგილოდ მიიჩნია.

ისე, კაცმა რომ თქვას, "ცოდვა გამხელილი სჯობს“ და მძღოლების დეფიციტი მხოლოდ ბენზინის გადაზიდვას არ ეხება. ეს სიტუაცია უკვე რამდენიმე თვე შეიმჩნევა, რითაც ყველაზე მეტად სურსათის წარმოების ინდუსტრია დაზარალდა: კვების პროდუქტების მიტანა მწარმოებლიდან სუპერმარკეტებამდე და ქსელურ რესტორნებამდე ძალიან ფერხდება.

სატვირთო ავტომობილების (ფურების) მძღოლების დეფიციტი სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება აიხსნას: ძირითადი ამ მიზეზებიდან არის მძღოლთა გასვლა პენსიაში, მძღოლთა ხელფასებიდან გადასახადების დაქვითვის ახალი სისტემა, ხელფასის მოცულობის შეუთავსებლობა შრომის მძიმე პირობებთან, უკვე ნახსენები "ბრექსიტი", კოვიდ-19-ის პანდემია და ა.შ.

  • ბრიტანეთის არმიის როლი ბენზინით მომარაგების საქმეში

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, სასწრაფო ზომებს იღებს ბენზინგასამართ სადგურებთან არსებული ქაოსის შეწყვეტისა და გზებზე შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად. პოლიცია მობილიზებულია, მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ საკითხი არმიის გამოყენების შესახებაც, რომ სამხედროებმა ბენზინმზიდები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ბენზინგასამართ სადგურებმადე მიაცილონ. სამხედრო ქვედანაყოფების გამოსაყენებლად უკვე არსებობს ოპერატიული გეგმა კოდური სახელწოდებით Escalin. ინგლისელი ჯარისკაცები, სხვათა შორის, ბენზინმზიდების საჭესაც მიუჯდებიან.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენი დრო დაჭირდება სამხედრო მოსამსახურეების მობილიზებას და მათ გაგზავნას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. არის მოსაზრება, რომ "ოპერაცია Escalin“-ის განხორციელებას დრო ერთ კვირამდე დაჭირდება. მინისტრთა კაბინეტში იმედი აქვთ, რომ მანამდე საწვავზე ბრიტანელებს შორის აჟიოტაჟური მოთხოვნა ჩაწყნარდება და სიტუაცია გამოსწორდება.

ავტორი: სიმონ კილაძე