ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს განცხადებით, ვაქცინაცია ბავშვებში პირველი რიგის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, ასეთია ჯანმო-ს რეკომენდაცია, ვინაიდან, ბავშვებს ვირუსი მეტწილად მარტივად გადააქვთ.
ამის შესახებ დომენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ვინაიდან საქართველო ელოდება ჯანმო-ს რეკომენდაციას 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში იმუნიზაციისთვის, რამდენად არის შესაძლებელი, რომ დროულად გადაწყდეს ეს საკითხი.
როგორც სილვიუ დომენტემ განმარტა, ვაქცინირების რეკომენდაცია გაწეულია პრიორიტეტების მიხედვით. უპირველეს ჯგუფს განეკუთვნებიან ის ადამიანები, ვინც გარკვეული რისკის ქვეშ დგანან ჯანმრთელობის მხრივ.
“ზუსტად ეს არის ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ვაქცინაციაზე მომუშავე ეროვნულ პროგრამებს. მოგეხსენებათ, ბავშვები არ განეკუთვნებიან პირველი კატეგორიის რისკის ჯგუფს. ამაზე მუშაობს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი, რომლებიც ადგენენ იმ ჯგუფებს, ვის მიმართაც უნდა განხორციელდეს პრიორიტეტული ვაქცინაცია.
პირველ ჯგუფს განეკუთვნებიან ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებული სამედიცინო ჯანმრთელობის რისკის ქვეშ არიან, ასევე, ასაკოვანი ადამიანები, ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი. ვაქცინაცია ბავშვებში არ წარმოადგენს პირველი რიგის პრიორიტეტს, ასეთია ჩვენი რეკომენდაცია, ვინაიდან ბავშვებს მეტწილად მარტივად გადააქვთ ვირუსი. არ არიან ისინი პრიორიტეტული რისკის ჯგუფის შემადგენელი ნაწილი, რომელზეც ჩვენ გავცემდით რეკომენდაციას. მეორე ფაქტორია ის, რომ ბევრი ვაქცინა არც არის ტესტირებული არასრულწლოვნებში გამოსაყენებლად, რეალურად, მხოლოდ “ფაიზერმა” დაასრულა ვაქცინის ტესტირება და შემოწმება 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამჟამად მიმდინარეობს ამ ვაქცინის გამოყენება.
ასევე, ამჟამად მუშაობს “მოდერნა” , ზუსტად ამ ასაკობრივ ჯგუფზე ახლა მიმდინარეობს ცდები. აგრეთვე “ფაიზერი” მუშაობს უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინის შემუშავებაზე. ასეთი სიტუაციაა. ვიტყოდი, რომ ამჟამად პირველ ფაზაში არ განიხილებიან ბავშვები, ჩვენ ამის რეკომენდაციას არ ვაძლევთ ეროვნულ პროგრამას. თუმცა მეორე ფაზაში შესაძლოა გათვალისწინებული იყვნენ ბავშვებიც. მიმდინარეობს იმ არასრულწლოვნების ვაქცინირება, რომლებსაც აქვთ სხვა თანმდევი დაავადებები და ჯანმრთელობის გარკვეული რისკი, სადაც მოსალოდნელია, რომ მათ გაუჭირდებათ ამ დაავადების მარტივად დამარცხება”, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.