ავტორი:

"100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2.5 მილიარდი ლარის, სოფლის მეურნეობის პროგრამებში კი 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება. ამის შესახებ მან ბიზნესპროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბიზნესის მხარდაჭერა და დაფინანსება აქტიურად დავიწყეთ. შეიქმნა ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა და პროექტი, როგორიცაა შეღავათიანი აგროკრედიტი, "აწარმოე საქართველოში“ და სხვა მიკროპროგრამები. შედეგად, ჩვენ სახეზე გვაქვს 53 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში შეიქმნა და ჯამში 1800-ზე მეტი პროექტი არის დაფინანსებული. უფრო კონკრეტულად, მინდა გითხრათ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაახლოებით 87 ათასმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში არის ინვესტირებული 4 მილიარდი ლარი, აქედან 800 მილიონზე მეტი არის სახელმწიფო თანადაფინანსება.

რაც შეეხება "აწარმოე საქართველოს“ ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 1.8 მილიარდი არის ინვესტირებული, აქედან თითქმის, 190 მილიონი არის ჩვენი მთავრობის დაფინანსება. შეიქმნა 30 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მინდა ასევე გითხრათ, რომ ამ პროგრამების მთავარი იდეა და მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება. დღეს წარმოდგენილ რუკასა და ამ საიტზე, რომელიც სოფლის მეურნებისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ერთად დაამუშავეს, ყველა ის პროექტი და პროგრამა არის აღნიშნული, შეტანილი, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის დაფინანსებითა და ხელშეწყობით არის შექმნილი და წახალისებული.

ჩვენ მომდევნო წლებში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს. ჩვენ მხოლოდ "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ანუ ჯამურად ეს იქნება მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ინვესტიცია. ვფიქრობთ, რომ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 300-მდე ახალი საწარმო დაფინასდება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ამ მიმართულებითაც ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება. აქაც ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.