საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია "თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ ევრაზიის რეგიონის მთავარი კოორდინატორი ოლგა კნორე.
ის უკვე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სილვიო დომენტეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლელა სტურუას და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ლადო კახაძეს.
ოლგა კნორეს თქმით, ორგანიზაცია "თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვების“ საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მხარდაჭერას ქვეყანაში არსებული ჯანსაღი პროცესებისა და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარის მიმართ, რომელიც 2017 წლის 17 მაისს, საქართველომ თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის სახით მიიღო.
"თანამედროვე მსოფლიო ცდილობს გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის, გათავისუფლდეს მავნე ფაქტორებისგან, რაც ხელს უშლის ჯანსაღი მომავლის განვითარებას. ამიტომაც მთელი რიგი ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ თამბაქოს პროდუქტებზე. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში, როდესაც თამბაქოს კონტროლის ძალიან კარგი კანონი მიიღო. ვაკვირდებით პროცესებს ამ ხნის განმავლობაში. შესამჩნევია თამბაქოს ინდუსტრიის გავლენები გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე, რითაც ცდილობენ კანონი დაასუსტონ და ქვეყანა დაბრუნდეს უკან. ეს არ უნდა მოხდეს.
შევხვდი საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, სილვიო დომენტეს. ერთ აზრზზე ვართ. მხარს დავუჭერთ კანონის გაძლიერების ყველა ღონისძიებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი წარსულში არ არის.
მოხარული ვართ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რაც ტაქსებში მოწევის აკრძალვას და კანონში დატოვებული სხვა ხვრელების ამოვსებისკენ არის მიმართული. საკმარისი დრო გავიდა, რომ ქართველ საზოგადოებას დაენახა რა სარგებლობა მოაქვს თამბაქოს რეგულაციებს, თუნდაც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას. ამიტომ დროულია მოწევა აიკრძალოს კაზინოებში, სლოტკლუბებში, თეატრის სცენაზე და სხვა ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ დაშვებულია. მჯერა, საქართველოს პარლამენტი, როგორც მისი წევრები ამბობენ, მხარდაჭერას გამოუცხადებს ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და ბოლომდე გააუმჯობესებს და დაიცავს კანონს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის მომავლისთვის.
მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში მუშაობს მოწევაზე თავის დანებების სერვისები და, რაც მთავარია, ადამიანებს სურთ მოწევაზე უარის თქმა. მნიშვნელოვანია ასეთი სერვისების განვითარება, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ ვერ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არ დააჯეროს, რომ მოწევაზე თავის დანებების საშუალება ახალი ტექნოლოგიით დამზადებული თამბაქოს პროდუქტების მოხმარების დაწყებაა. მოწევაზე თავის დანებება ნიშნავს თამბაქოს პროდუქტზე სრულად უარის თქმას და არა ერთი ნარკოტიკიდან მეორეზე გადასვლას.
ჩვენ არ გვიკვირს თამბაქოს ინდუსტრიის აქტიურობა საქართველოში. ეს ბიზნესი მთელ მსოფლიოში ცდილობს გავლენების გაძლიერებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს იქ, სადაც წაინააღმდეგობას თამბაქოს კონტროლის რეგულაციები უწევს. ამიტომაც ლოგიკურია საქართველოში გავლენების შენარჩუნების მცდელობა. მთავარია, საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ჯანსაღი პოზიციები და თამბაქოს კონტროლის კანონი არ გახდეს წარსულის კუთვნილება.“ - განაცხადა ოლგა კნორემ.